ლაგოდეხის მუნიციპალიტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, მოქალაქეთა მომსახურების თანამედროვე სივრცე სრულად რეაბილიტირდა, აღიჭურვა ავეჯით და საჭირო ინვენტარით.
სივრცე მოქალაქეებს მოემსახურება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რაც მუნიციპალური სერვისების, ერთ სივრცეში მოქცევას და მოქალაქეებისთვის თანამედროვე, კომფორტული გარემოს შექმნას, მომსახურების ხარისხის გაზრდას და დროის ეფექტიანად მართვის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
გახსნის ღონისძიებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.
პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 47 550 ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, მოქალაქეთა მომსახურების თანამედროვე სივრცის გახსნა მიზნად ისახავს, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობას, ინკლუზიური და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის დანერგვას, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას და ადგილობრივ დონეზე, საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.