ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვები და დაწესებული რეგულაციები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადის განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, პირველ თებერვლამდე არსებულ პერიოდს ხელისუფლება ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან აქტიურ შეხვედრებში გამოიყენებს, რათა თებერვალში უსაფრთხო გახსნა უზრუნველყოს როგორც ტრანსპორტის, ასევე ბიზნესის მიმართულებით.
„ჩვენი ჯანდაცვის სექტორსა და ზოგადად, მთლიანად სამთავრობო გუნდის ძალისხმევის შედეგად გვაქვს გარკვეული ნორმალიზაცია და სტაბილიზაცია ყოველდღიური ინფიცირების სტატისტიკაში. ეს არის საკმაოდ დიდი მონაპოვარი, თუმცა ჯერ კიდევ მაღალია ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელი. ასევე, ჩვენ ვხედავთ თუ რა ხდება ევროპაში, სადაც არის მესამე ტალღის გარკვეული ნიშნები და მთელი რიგი ევროპული სახელმწიფოები ამკაცრებს ამ დღეებში თავის რეგულაციებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელეთ დღეს და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევირანჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამოცანა არის, რომ პირველ თებერვლამდე დარჩენილი ეს ორი- სამი კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესებთან და მოვემზადოთ პირველი თებერვლიდან უფრო უსაფრთხო გახსნისთვის, თუნდაც იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს რაც შეეხება. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდებით ამ ბიზნესებს. ჩვენ ამ დარჩენილ დროში უნდა ვიმსჯელოთ მათთან და დავრწმუნდეთ იმაში, რომ ყველა სტანდარტი იქნება დაცული. სხვათა შორის, ახალი წლების წინა პერიოდმა გვიჩვენა, რომ ვაჭრობის ინდუსტრია საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ სტანდარტებს. შეიძლება გარკვეული დამატებითი მოთხოვნები იყოს, რაზეც ჩვენ მათთან შევჯერდებით და ეს ყველაფერი მოასწავებს უფრო უსაფრთხო გახსნის პერიოდს,“ – განაცხადა თურნავამ.