ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. ავტორიზაციის განაცხადი კომპანიამ 2022 წლის 8 ივლისს შეავსო.
ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს.
“SpaceX”-ის წარმომადგენელი გასული თვის ბოლოს კომუნიკაციების კომისიას სტუმრობდა, სადაც კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებთან ერთად SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიისა და Starlink-ის წარმომადგენლები ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ,” – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრველებულ ინფორმაციაში.
Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.
SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.