კომუნიკაციების კომისიამ, მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილის?!“ ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები გადაამზადა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრებს ComCom-ის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები, მარიამ ბიბილაშვილი და თამარ კარბაია გაუძღვნენ და მონაწილეებს საკონკურსო ნამუშევრების შექმნასთან დაკავშირებული საკითხები გააცნეს.
„სემინარის ფარგლებში, სტუდენტებმა წინა კონკურსის გამარჯვებული ნამუშევრებიც განიხილეს და BBC Academy-ის მასალების გამოყენებით, ფაქტის გადამოწმების ხერხებს, ყალბი ინფორმაციის სახეებს, ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნის მექანიზმებს, ფოტო–ვიდეო მასალის ფაბრიკაციასა და ამბის გადამოწმების მეთოდებს გაეცნენ.
კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“, რომელიც ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს, უკვე მეათედ გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობა დაინტერესებულ ბაკალავრიატის სტუდენტებს 10 დეკემბრამდე შეეძლებათ. წესების თანახმად, მონაწილეებმა უნდა აღმოაჩინონ მედიაში გავრცელებული ყალბი ინფორმაცია, რომელიც მანამდე არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი. შემდგომ კი, სასურველი ფორმატით წარმოადგინონ დეზინფორმაციის აღმოჩენის გზები, შესაბამისი წყარო და რეალური ფაქტები. გამარჯვებულ ნამუშევრებს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს და ავტორებს MacBook Air 15.3-ს, iPhone 15 Pro-სა და iPad 10.9-ს გადასცემს.
გარდა პრიზებისა, კონკურსის გამარჯვებულებს და სხვა წარმატებულ მონაწილეებს კომუნიკაციების კომისია კარიერულ განვითარებაშიც დაეხმარება და სერტიფიცირებული ტრენინგით გადაამზადებს. კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ტრენერის სტატუსი მიენიჭებათ და ComCom-ის მედიაწიგნიერების პროექტებში აქტიურად ჩართვას შეძლებენ, რომლის ფარგლებშიც, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს გაუზიარებენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.