საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აპრილის თვეში, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 125 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან, 24 დარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.
სამართალდამრღვევების მიმართ შედგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია, ავტოსატრანსპორტო საშუალებები დალუქულია და გადაყვანილია სააგენტოს „საქმიან ეზოებში“. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაიგზავნა შესაბამის უწყებებში.
,,მიმდინარე წლის აპრილის თვეში, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 34,295 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომლებიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. რაც შეეხება 2024 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 334 ფაქტია გამოვლენილი; საქმიან ეზოებში დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 266,644 კუბური მეტრი შეადგინა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.