საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, თელავის, ახმეტის, გურჯაანის ტექნოპარკების ინიციატივით და კახეთის რეგიონის 6 მუნიციპალიტეტის მერიის (ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, საგარეჯო, ყვარელი) მხარდაჭერით „კახეთის ტექნოლოგიური ბანაკი სტუდენტებისთვის“ გაიხსნა.
გახსნის ღონისძიებას სასტუმროში „სავანეთი“ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, GITA – ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები დაესწრნენ.
ტექნოლოგიური ბანაკის მიზანია კახეთის რეგიონის მასშტაბით წარმატებული სტუდენტების სტარტაპ საქმიანობით დაინტერესება, სტუდენტებს შორის მყარი სამომავლო კავშირების გაჩენა და მათთვის GITA-ს არსებული პროგრამების, მათ შორის კახეთის რეგიონული ტექნოპარკების პროექტებისა და დაფინანსების წყაროების შესახებ ინფორმირებულობის დონის გაზრდა.
ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსის წესით შერჩეული 50 სტუდენტი, რომლებიც არიან კახეთის 8 მუნიციპალიტეტიდან ერთ-ერთში რეგისტრირებული ფიზიკური პირები.
პროექტის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ ლექცია-სემინარები, ვორქშოპები, გუნდური სამუშაოები. კონკრეტულად, სამიზნე აუდიტორია გაეცნობა ინოვაციურ და ტექნოლოგიურ მეწარმეობასა და კახეთის წამყვანი დარგების ტექნოლოგიური/ინოვაციური განვითარების პოტენციალს.
მონაწილეები მოისმენენ რეალური სტარტაპების წარმატების გზას, რის შემდგომაც, მენტორებთან ერთად იმუშავებენ სტარტაპის შექმნისა და განვითარების რეალურ გზებზე. ბანაკის ფარგლებში მონაწილეები დაიყოფიან 2 თემატურ ჯგუფად: 1. აგრო ტექნოლოგიები 2. სტუმარმასპინძლობის სექტორი და ტექნოლოგიები.
ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ: ახალი ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას, საკუთარ სამეწარმეო საქმიანობაში ინოვაციური და ტექნოლოგიური ელემენტების დანერგვას.