Home დღის ამბები ეკონომიკა “კახეთში თხილის გასაყიდი ფასი 7-8 ლარი, სამეგრელოში კი 4-5 ლარი იქნება” –...

“კახეთში თხილის გასაყიდი ფასი 7-8 ლარი, სამეგრელოში კი 4-5 ლარი იქნება” – ასოციაცია

თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა  აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს თხილის მოსავალი გაუარესებულია. უფრო კონკრეტულად, დასავლეთში აქტიურმა წვიმიანმა ამინდმა თხილის ლპობა გამოიწვა. ქარდავას განმარტებითვე, თუ გასულ წელს 100 თხილიდან გული 80-ს ჰქონდა, წელს ეს რიცხვი 50-60-მდეა შემცირებული.

ასოციაციაში თხილის ფასებზეც საუბრობენ. ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გლობალურ ბაზარზე კილოგრამი თხილის საექსპორტო ფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $1-ით შემცირდა. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარზე, ფასს ხარისხი ადგენს, სწორედ ამიტომ შემცირების ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება.

„თხილის დიდი ნაწილი ჯერჯერობით დაუკრეფავია, თუმცა ბაზარზე არსებულიდან შეიძლება ითქვას, რომ მოსავლის ხარისხი წელს გაუარესებულია. ეს წვიმებმა გამოიწვია და თუ გასულ წელს 100 თხილიდან გული 80-ს ჰქონდა, წელს ეს 50-60-ის ფარგლებშია.

გლეხები პრეტენზიას გამოთქვამენ, რომ ფასები შემცირებულია. გლობალურ ბაზარზეც საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1 დოლარით არის დაწეული. ადგილობრივ ბაზარზე კი თხილის ხარისხი გაუარესებულია და ფასი შესაბამისია. კახეთში უკეთესი ხარისხის თხილია და აქ ფასების შემცირება არ შეინიშნება. კახეთში ფერმერები თხილის ჩაბარებას 7-8 ლარის ფარგლებში შეძლებენ. სამეგრელოში კი იმ პერიოდში, როცა თხილი გაშრება, საუბარია სექტემბრის დასაწყისზე, ფასი 4-5 ლარი იქნება. იქნება ხალხი ვისაც ცუდი ხარისხის გამო, სამ ლარიანი თხილიც ექნება“ – აცხადებს ის.

ლევან ქარდავა ექსპორტის მიმართულებაზეც საუბრობს და როგორც თავად აღნიშნავს, წელს ქვეყანაში დაახლოებით 10-15%-ით ნაკლებ თხილის მოსავალს ელოდებიან, შესაბამისად ეს საექსპორტო მაჩვენებელზეც აისახება.

„ექსპორტის კუთხით ლიდერი იქნება ევროპა. ქართული თხილის დიდი ნაწილი გერმანიაში გავა, შემდგომ კი იტალიაში. უკრაინაში ქართული თხილის 5% გადიოდა და ეს მაჩვენებელი შენარჩუნდება. მოსავალი წელს 10-15%-ით ნაკლები იქნება, ეს აისახება საექსპორტო მაჩვენებელზეც“ – განმარტავს ასოციაციის ხელმძღვანელი.

ინფორმაციისთვის: თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, წელს ქვეყანა დაახლოებით 60 000 ტონა თხილის მოსავალს მიიღებს.