Home დღის ამბები კახეთში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

კახეთში ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით ბზის მოჭრაზე მკაცრ კონტროლს ახორციელებს.

კონტროლის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა ბზის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 ფაქტი გამოავლინეს.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა და დაამზადა ბზის 203 ერთეული ტოტი. უკანონოდ მოპოვებული ბზა დაილუქა. შედგა ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლით.

„ვინაიდან ბზის მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტების აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია, ბზის მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან ტოტების დაზიანებაზე საჯარიმო სანქციები გაზრდილია. იმ შემთხვევაში კი, თუკი ბზის უკანონო მოპოვებით გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ.