კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერ, ავთანდილ გულიკაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსი გილაშვილთან ერთად, საგარეჯოში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ფასადების რეაბილიტაციას გაეცნო.
საგარეჯოში, კახეთის გზატკეცილზე, იმედისა და თამარ მეფის ქუჩებზე მდებარე 13 მრავალბინიანი კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში ხორციელდება შენობების ახალი სახურავებით გადახურვა, ფასადების შელესვა-შეღებვა, ფანჯრების შეცვლა. ასევე გათვალისწინებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს რეაბილიტაცია.
სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომამდე დასრულდება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 3 068 059 ლარს შეადგენს.