5 ივლისს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ერბოწონაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ ალექსი გილაშვილმა და პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა როსტომ ბაქრაძემ სოფელ კაკაბეთში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ორი კვირის წინ, საფუძველი ჩაეყარა წყალმომარაგების ახალი სისტემის მონტაჟს, რომლითაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი სოფლის მოსახლეობა სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
კაკაბეთიდან დაახლოებით 12 კილომეტრის დაშორებით წლების წინ მოეწყო ჭაბურღილი, საიდანაც თვითდინებით მოდის სასმელი წყალი. სპეციალისტთა გათვლებით, წყლის დებეტი საკმაოდ ჭარბია და სრულებით დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებებს. ამავე ადგილზე, უკვე მიმდინარეობს წყალშემკრების მშენებლობა. აქედან მილსადენით წყალი უნდა მიეწოდოს სათავე ნაგებობას, რომლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
წყალშემკრების, მილსადენის და სათავე ნაგებობის მშენებლობა პროექტის პირველი ეტაპია და 2019 წლის იავარში დასრულდება.
პროექტის მეორე ეტაპი, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება, მიზნად ისახავს შიდა საუბნო დაქსელვას, ანუ კაკაბეთში მცხოვრები ყველა ოჯახისთვის ხელმისაწვდომი იქნება სასმელი წყალი, რაც მუნიციპალიტეტის მერიას საშუალებას მისცემს, მრავალი წლის მანძილზე გადაუჭრელი, უმწვავესი პრობლემა მოაგვაროს.