Home დღის ამბები ეკონომიკა “კადრები დაბალი ანაზღაურების გამო გადიან” – ქვეყანაში ავტომობილების ხელოსნების დეფიციტია

“კადრები დაბალი ანაზღაურების გამო გადიან” – ქვეყანაში ავტომობილების ხელოსნების დეფიციტია

საქართველოში ავტომობილების შემკეთებლების დეფიციტია. როგორც ორგანიზაცია „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ თავმჯდომარე, გელა კვაშილავა  ამბობს, ამ სექტორშიც კადრები დაბალი ხელფასების გამო გაედინებიან ქვეყნიდან.

„სხვა სფეროების მსგავსად, ამ სფეროშიც დაბალი ანაზღაურებაა და პროფესიონალები ცდილობენ, რომ ევროპის, ბალტიისპირეთის ქვეყნებში გადავიდნენ და იქ იმუშაონ. ჩვენი ბაზარი პატარაა და უნდა იყოს მოთხოვნის შესაბამისი ანაზღაურება, თუმცა ეს ასე არ ხდება. პანდემიის შემდეგ ფასებმა ყველაფერზე მოიმატა, ინფლაცია მაღალ დონეზეა, თუმცა მომსახურების სფეროში ხელფასები იმ ტემპით არ იზრდება, რა ტემპითაც ფასები.

ავტომობილების რაოდენობამაც მოიმატა, იმპორტი გაიზარდა და მოთხოვნა დიდია ხელოსნებზე, თუმცა ბევრი არაა ისეთი, ვინც ხარისხიანად აკეთებს, მათი დიდი ნაწილი პანდემიისას ქვეყნიდან გავიდა, რადგან უფრო მეტი სტაბილურობის განცდა საზღვარგარეთაა“, – აღნიშნა კვაშილავამ.

გელა კვაშილავას თქმით, 1 წლის განმავლობაში მეორადი ავტომობილების ფასები, დაახლოებით, 15-20%-ის ფარგლებშია გაზრდილი. ზრდის მიზეზი მიწოდების შეფერხება, ახალი მანქანების გამოშვების პრობლემები და მსოფლიოში მეორად მანქანებზე მოთხოვნის ზრდა იყო.