ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, კაბალის თემში, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსახლეობამ ნოვრუზ ბაირამი, გაზაფხულის შემოსვლა იზეიმა.
ღონისძიება მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა და სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების პარალელურად, ხელნაკეთი ნივთების, ნახატებისა და აზერბაიჯანული საკრავების, ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა და ეროვნული სამზარეულოს დეგუსტაცია გაიმართა, ტრადიციულ სამოსში შემოსილი გოგონები და ვაჟები, ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს, გაზაფხულის დადგომას ულოცავდნენ და ტკბილეულით მასპინძლობდნენ.
ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი- თეა ახვლედიანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული- გიორგი ალადაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„გილოცავთ ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს. საქართველოს მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები, ჩვენი საზოგადოების ნაწილია. თქვენი შრომითა და ქვეყნის ერთგულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ ძლიერი, განვითარებული საქართველოს შენებაში. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ კეთილდღეობას, დღეგრძელობას და წარმატებას”,- აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.
ცნობისთვის- ნოვრუზ ბაირამი, ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლების კონცერტით დასრულდა.