პარლამენტმა 2023 წლის მიწურულს „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო.
შედეგად, ავტოსადგურებს სერტიფიცირება მოუწევთ, მგზავრების გადასაყვანად კი შესაბამისი ნებართვა გახდება საჭირო. ცვლილების თანახმად, ახალი წესები მიმდინარე თვიდან ამოქმედდა.
კანონში შეტანილი ცვლილებებით, აღნიშნული საქმიანობის უნებართვო განხორციელება დასჯადი ხდება.
კერძოდ:
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელება, გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარით. ხოლო ერთი წლის განმავლობაში დარღვევის განმეორებით გამოვლენაზე ჯარიმა – 2 000 ლარი იქნება;
ავტოსადგურის მიერ ავტოსადგურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე;
მძღოლები knews.ge-სთან ამბობენ, რომ აღნიშნულის შესახებ, ამ ეტაპზე, ინფორმაციას არ ფლობენ.
,,თუ ეს რეალურად განხორციელდება, ბევრი მძღოლი სავარაუდოდ, ვეღარ შეძლებს მუშაობის გაგრძელებას რადგან მოთხოვნებიც სხვანაირი იქნება. აქამდე არ დარეგულირებულა ეს საქმიანობა. ზოგი ძველი ტრანსპორტით ტაქსაობს და ლუკმა პურს შოულობს, ეს წყაროც აღარ ექნება,” – აცხადებს მირო ზარნაძე.
სამარშრუტო ტაქსების მძღოლები თელავის ძველი ავტოსადგურის რეაბილიტაციას და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, რის გამოც მუშაობა უჭირთ.
თელავის ძველი ავტოსადგური 45 წელზე მეტია ფუქნციონირებს. იგი დილის 08:00-დან საღამოს 18:00 საათამდე ფუნქციონირებს.