Home რეგიონი ყვარელი ილიაობა ყვარელში

ილიაობა ყვარელში

ილია ჭავჭავაძე მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული თვითმყოფადობის, ჩვენი ფასეულობების, ეროვნული იდენტობის დაცვას, მან გენიალურად, სამ სიტყვაში გამოხატა ჩვენი ეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობის მთავარი საყრდენი – მამული, ენა და სარწმუნოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყვარელში, „ილიაობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ილია ჭავჭავაძის დაბადების 187-ე წლისთავთან დაკავშირებით ყვარელში დღეს ტრადიციული სახალხო ზეიმი გაიმართა, რომელსაც მთავრობის მეთაური პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დაესწრო.

ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა დაათვალიერეს.

პრემიერ-მინისტრმა ილია ჭავჭავაძის განსაკუთრებულ მოღვაწეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ყველასთვის სამაგალითოა.

“ილია ჭავჭავაძე იყო უდიდესი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ის იყო პუბლიცისტი, მწერალი, პროზაიკოსი და პოეტიც, ის იყო შერაცხული ერის მამად. ეს უდიდესი სტატუსი დაიმსახურა იმ განსაკუთრებული მოღვაწეობის გამო, რომელიც გასდევდა მის ცხოვრებას. XIX საუკუნე იყო საკმაოდ რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, საქართველოს დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებლობა. მაშინ ქართველები განათლებას იღებდნენ რუსეთში და შემოჰქონდათ საქართველოში ევროპული კულტურა, სიახლეები. ილია ჭავჭავაძე ითვისებდა ყველაფერს საუკეთესოს ევროპული კულტურიდან და ასევე არ ივიწყებდა ქართულს, უფრო მეტიც ამ ევროპულ სიახლეებს ის უძღვნიდა სწორედ ქართულის გამდიდრებას. ეს არის მთავარი მაგალითი, რომელიც ჩვენ უნდა ავიღოთ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობიდან. ილია ჭავჭავაძემ, თერგდალეულებმა და ერთობამ, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ილია ჭავჭავაძე, ჩვენ დაგვიტოვა უდიდესი მემკვიდრეობა, ეს მემკვიდრეობა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და აქტუალურია დღესაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები და სასულიერო პირები დაესწრნენ.