Home დღის ამბები ეკონომიკა ივნისში ხორბალზე საერთაშორისო ფასის ზრდამ წლიურად 48%-ს გადააჭარბა

ივნისში ხორბალზე საერთაშორისო ფასის ზრდამ წლიურად 48%-ს გადააჭარბა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის [FAO] ინფორმაციით, 2022 წლის ივნისი მიყოლებით მესამე თვეა, როცა მსოფლიოში სასურსათო საქონლის ფასები ოდნავ შემცირდა. ორგანიზაციის ცნობითვე, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა მაისის შემდეგ 2.3%-ით იკლო და 2022 წლის ივნისში საშუალოდ 154.2 ქულა შეადგინა.

FAO-ს ინდექსი სასურსათო საქონლის საერთაშორისო ფასებზე ყოველთვიურ ცვლილებებს ასახავს. ივნისში მისი კლება აისახა მცენარეული ზეთის, მარცვლეულისა და შაქრის ფასებზე, ხოლო რძის პროდუქტისა და ხორცპროდუქტის ფასები გაიზარდა.

რაც შეეხება წლიურ მონაცემებს, FAO-ს ინფორმაციით, ივნისში მარცვლეულის ფასის ინდექსი შემცირდა, თუმცა წლიურად ზრდა 27%-ს აჭარბებს. საერთაშორისო ფასები ხორბალზე ივნისში 5.7%-ით შემცირდა, ხოლო წინა წლის მაჩვენებელს 48.5%-ით აღემატება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ივნისის ვარდნა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოსავლის აღებამ და სეზონურმა ხელმისაწვდომობამ ასევე, ზოგიერთ მთავარ მწარმოებელ ქვეყანაში მოსავლის აღების გაუმჯობესებულმა პირობებმა და რუსეთში მაღალი მოსავლიანობის პროგნოზმა გამოიწვია. ასევე შემცირდა სიმინდის ფასი – 3.5%-ით, რომლის მიზეზიც არგენტინასა და ბრაზილიაში სეზონური ხელმისაწვდომობა და აშშ-ში მოსავლის აღების გაუმჯობესებული პირობები გახდა.

FAO-ს მცენარეული ზეთის ფასის ინდექსმა ივნისში საშუალოდ 211.8 ქულა შეადგინა და წინა თვესთან შედარებით 7.6%-ით შემცირდა. ასევე, ფასმა დაიკლო მზესუმზირის ზეთისა და სოიოს ზეთზე, რაც მაღალი ფასების გამო მათზე შემცირებულ მოთხოვნას მოჰყვა.

FAO-ს შაქრის ფასის ინდექსი ივნისში საშუალოდ 117.3 ქულა იყო და, მაისთან შედარებით, 2.6%-ით დაიკლო. ეს თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. შაქრის საერთაშორისო მოთხოვნასა და მის ფასებზე გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელებამაც იქონია გავლენა.

მაისთან შედარებით, ივნისში 1.7%-ით გაიზარდა FAO-ს ხორცის ფასის ინდექსი და 124.7 ქულა შეადგინა. ეს ახალი რეკორდია და 2021 წლის ივნისის მონაცემებს 12.7%-ით აჭარბებს. FAO-ს თანახმად, მსოფლიო ფასები ყველა ტიპის ხორცზე გაიზარდა, ყველაზე მეტად კი ფრინველის ხორცზე – ყველა დროის უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. მასზე გავლენა მოახდინა უკრაინაში ომის გამო გლობალური მიწოდების შემცირებამ და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ფრინველის გრიპმა.

FAO-ს რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა ივნისში საშუალოდ 149.8 ქულა შეადგინა და წინა თვის შემდეგ 4.1%-ით მოიმატა, გასულ წლის მაისის მაჩვენებელს კი თითქმის 25% უსწრებს. ივნისში ყველა ტიპის რძის პროდუქტზე გაიზარდა ფასები, განსაკუთრებით კი – ყველზე.