იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპი დღემდე დომინანტურ ვირუსად რჩება.
ეპიდვითარების შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, სავარაუდოდ, თებერვალიც და მარტიც გრიპის მხრივ აქტიური პერიოდი იქნება.
“იანვრის პირველი 3 კვირის სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ გრიპი დღემდე დომინანტურ ვირუსად რჩება. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ გრიპითაა გამოწვეული. ეს მაჩვენებელი 50 %-ის ფარგლებშია. ჯერჯერობით, ქვეყანაში გრიპის შემთხვევების რაოდენობის მაღალი მაჩვენებელი რჩება. ალბათ, იანვრის ბოლომდე ასე იქნება. სავარაუდოდ, თებერვალიც და მარტიც გრიპის მხრივ აქტიური პერიოდი იქნება. ახლა თუ შევხედავთ: გრიპი ყველაზე მეტია, კორონავირუსის შემთხვევებიც ფიქსირდება, დადასტურებულ შემთხვევებში მისი მაჩვენებელი 5%-ია”, – განაცხადა ჩხაიძემ.