თუ 1 წლის განმავლობაში სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე საჩივარი ვერ განიხილა, ის შესაძლოა, დაკმაყოფილებულად ჩაითვალოს. აღნიშნულის შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტშია შესული. წინადადების ავტორი მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილია.
როგორც წინადადებაშია აღნიშნული, შუქნიშნები, საგზაო მონიშვნები და საგზაო ნიშნები რიგ შემთხვევაში დედაქალაქშიც კი ვერ შეესაბამება ევროსტანდარტებს (ხშირ შემთხვევაში საგზაო მონიშვნები გადაშლილია და ა.შ.), რის გამოც მძღოლები ხშირად უსამართლოდ ჯარიმდებიან. თუმცა, წინადადების ავტორის შეფასებით, ძალიან ცოტა მოქალაქე ასაჩივრებს მსგავს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე დაკისრებულ ჯარიმებს.
ამასთან, საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, გადატვირთულობის გამო სასამართლო დროულად ვერ ახერხებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე შეტანილი საჩივრების განხილვას. შესაბამისად, ავტორის განმარტებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე (არა მარტო საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე) სასამართლოში შეტანილი საჩივარი დაკმაყოფილებულად უნდა ჩაითვალოს, იმ შემთხვევაში თუ სასამართლო მას შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არ განიხილავს.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო წინადადების განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს დაევალა, რომელმაც მიღებული გადაწყვეტილება კვლავ ბიუროს უნდა აცნობოს.