„დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ დღეს საქართველოში დასაქმების მსურველ ადამიანებს ყველანაირი ხელშეწყობა აქვთ, რაც ბიუჯეტიდანაც ფინანსდება.
დღეს ასოციაციამ კადრების გადამზადებასა და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე პრეზენტაცია გამართა, სადაც სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება, მისი ფორმები და პროფესიული გადამზადების პროგრამები განიხილეს.
ელგუჯა მელაძე აღნიშნავს, რომ კვალიფიციური კადრების დეფიციტი ბიზნეს სექტორის მთავარი გამოწვევაა, რომლის გადაჭრის მთავარი გზა მათთვის სამუშაო ადგილის შეთავაზება და საქმიანობის პროცესში მათი გადამზადებაა.
„ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საჭიროა კადრების კვალიფიკაციის ამაღლება იმ ინოვაციური ტექნოლოგიების ფონზე, რაც მსოფლიოში ვითარდება. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ, რომ მთავარია გადამზადება მორგებული იყოს ბიზნესის საჭიროებებს, რაც გულისხმობს იმას, რომ გადამზადების მთავარი აქცენტი უნდა იყოს სამუშაო ადგილზე.
ამ დროის მდგომარეობით, თუ საქართველოში ადამიანს დასაქმება უნდა მას ყველანაირი ხელშეწყობა აქვს ამისთვის, რაც ბიუჯეტიდანაც დაფინანსებულია“, – განაცხადა ელგუჯა მელაძემ.
მისივე თქმით, კადრების სამუშაო ადგილზე გადამზადების პროგრამის დასანერგად საჭირო თანხები უკვე მოძიებულია, ტრენერებიც მზად არიან და უახლოეს მომავალში სექტორებისა და რეგიონების მიხედვით საინფორმაციო შეხვედრების გამართვა იგეგმება.