საქართველოს მთავრობა, 2023 წლის პირველი იანვრიდან წამლებზე რეფერენტულ ფასებს აწესებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო მედიკამენტების ღირებულების იმ მაქსიმალურ ზღვარს დაადგენს, რომელზე ძვირადაც მედიკამენტის რეალიზაცია დაუშვებელი იქნება. ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის განმარტებით კი, პირველ ეტაპზე რეფერენტულ ფასს მხოლოდ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე დააწესებენ, რომელიც 1 100 დასახელების მედიკამენტს შეეხება. შემდეგ ეტაპზე, მეორე კვარტალიდან კი ეს ცვლილება ყველა დარჩენილ სარეცეპტო მედიკამენტებზე გავრცელდება.
მთავრობის ინფორმაციით, 2022 წლის მარტიდან თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნამ საქართველოში მედიკამენტების ღირებულება 60-80%-ით შეამცირა. “შედეგად, წლიურად, ქვეყნის 100 ათასამდე მოქალაქე, დაახლოებით, 200 მილიონ ლარამდე თანხას დაზოგავს, რეფერენტული ფასების დაწესება კი წამლების ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს“ – აცხადებენ მთავრობაში.
რა გავლენა იქონია თურქეთის ბაზრის გახსნამ მედიკამენტების ბაზარზე და როგორია სამკურნალო საშუალებების იმპორტის 9 თვის მაჩვენებელი?
ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში 296 მლნ დოლარის ღირებულების 9 225 ტონა დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი განხორციელდა.
გასული წლის იმავე პერიოდში კი საქართველოდან მედიკამენტების შესაძენად 257.3 მლნ დოლარი გავიდა და ქვეყანაში 7 162 ტონა საქონელი შემოვიდა. შესაბამისად, მიმდინარე წელს იმპორტის ღირებულება 15%-ით, ხოლო შეძენილი საქონლის მოცულობა 28.7%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება ქვეყნებს, ისევე როგორც გასული წლების იანვარ-სექტემბერში, აღნიშნული საქონლის მთავარი საიმპორტო ბაზარი თურქეთი იყო და ამ მიმართულებიდან მედიკამენტების იმპორტის ღირებულება 54%-ით, ხოლო მოცულობა 129.7%-ით გაიზარდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ მეზობელი ქვეყნიდან უფრო მეტი მოცულობის მედიკამენტი შემოვიდა.
უნდა აღინიშნოს, რომ გასული ხუთი წლის სტატისტიკის მიხედვით, თურქეთიდან იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2019 წელს იყო. თურქეთიდან მედიკამენტების იმპორტის 5 წლის (9 თვე) სტატისტიკა კი ასეთია:
1. 2022 წელი – 51.3 მლნ დოლარი, 746 ტონა;
2. 2021 წელი – 33.3 მლნ დოლარი, 324 ტონა;
3. 2020 წელი – 32.7 მლნ დოლარი, 383 ტონა;
4. 2019 წელი – 64 მლნ დოლარი, 1 025 ტონა;
5. 2018 წელი – 41.7 მლნ დოლარი, 559 ტონა;
მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში საქართველოსთვის TOP-10 საიმპორტო ბაზარი კი ასეთია:
1. თურქეთი – 51.3 მლნ დოლარი, 746 ტონა;
2. გერმანია – 28.1 მლნ დოლარი, 658 ტონა;
3. შვეიცარია – 26.1 მლნ დოლარი, 91ტონა;
4. საფრანგეთი – 23.7 მლნ დოლარი, 106 ტონა;
5. უნგრეთი – 20.7 მლნ დოლარი, 203 ტონა;
6. ინდოეთი – 14.7 მლნ დოლარი, 411 ტონა;
7. რუსეთი – 14.1 მლნ დოლარი, 476 ტონა;
8. უკრაინა – 12 მლნ დოლარი, 542 ტონა;
9. სლოვენია – 10.6 მლნ დოლარი, 149 ტონა;
10. იტალია – 7.4 მლნ დოლარი, 170 ტონა.
გარდა ამისა, დაფასოებული მედიკამენტების იმპორტი საბერძნეთიდან, პოლონეთიდან, ბულგარეთიდან, ბელგია, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან, არგენტინიდან, კორეის რესპუბლიკიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ბელარუსიდან, სომხეთიდან, ჩინეთიდან, ავსტრიიდან, აშშ-დან და უზბეკეთიდან განახორციელა. ამ ქვეყნებიდან შემოსული მედიკამენტების ღირებულება 1 მლნ დოლარს აღემატებოდა. მცირე მოცულობებით დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი სხვა ქვეყნებიდანაც განხორციელდა.