თენგიზ სიმაშვილის წიგნიდან : „ძალისმიერი სტრუქტურები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ვითარება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის “
თენგიზ სიმაშვილის წიგნიდან : „ძალისმიერი სტრუქტურები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ვითარება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის “
ოფიციალურად ცნობილია, რომ ბესარიონ (ბესო) ჯუღაშვილი 1909 წლის 12 აგვისტოს, თბილისის ე.წ. ,,მიხეილის საავადმყოფოში’’ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პარტიულ არქივში დაცულ ერთ-ერთ მოგონებაში ვკითხულობთ: ,,1906 წელს მეგაზეთემ გაზეთი მოგვიტან… ვანქის ქუჩაზე ბესო ჯუღაშვილი მოკლესო. სოსო შეწუხდაო”. თანამედროვის მოგონებაში ავტორი ასაბუთებს, რომ თბილისში ბესარიონ ჯუღაშვილის გასვენებას საავადმყოფოდან, ე.წ. კუკიის სასაფლაოზე უშუალოდ ესწრებოდა.
სტალინის – იოსებ ჯუღაშვილის ბიოგრაფიის ზოგიერთი მკვლევარი თუ მწერალი ბესარიონ ჯუღაშვილის გარდაცვალებისა თუ მკვლელობის ადგილად ქალაქ თელავს ასახელებს. მაგალითად, რომან ბრაკმანი წერს, რომ ბესარიონ ჯუღაშვილი 1906 წლის მარტში თელავში მოკლეს.3თელავში ბესარიონ ჯუღაშვილის გარდაცვალებაზე წერს ანატოლი რიბაკოვი წიგნში ,,არბატის შვილები”: ,,შემდეგ მოვიდა წერილი, რომ მამა თელავში მთვრალების ჩხუბში მოკლეს და იქვე თელავში დაკრძალეს, თუ სად არავინ იცის.“ თუმცა, ეს ორივე ინფორმაცია არანაირი დოკუმენტური მასალით არაა დადასტურებული, მით უმეტეს, რომ ისინი ლიტერატურული თხზულებებია და არა სამეცნიერო ხასიათის ნაშრომები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცულია 1954 წლით დათარიღებული დოკუმენტები – ანონიმური წერილები, რომლის ავტორი ასაბუთებს, რომ სტალინის მამის ბესარიონ (ბესო) ჯუღაშვილის საფლავი იყო ქალაქ თელავში. მართლაც, თელავში ე.წ. ,,ქართველების სასაფლაოზე”, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოს კედელთან ახლოს მდებარეობს საფლავი სურათით და წარწერით – ბესო ჯუღაშვილი.
აღნიშნული ანონიმური წერილები საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდის და აგიტაციის განყოფილებას მიუღია:
,,ცეკის პროპაგანდის აგიტაციის გამგეს ამხ. გუნიას,
ეს ყველასათვის გასაგებია, რომ სტალინი გარდაიცვალა და არა მოკვდა. რატო მისი მამის ნამდვილი საფლავი იმალება, რატომ ჩემ მიერ მიტანილი ბესოს სურათი – სტალინის მამის დამალეს და არსად აჩენენ, რატომ ხმას არ იღებენ და არ ჰკითხავენ ფილიალის მოსამსახურეებს მაგ. ამხანაგ ნადია სტურუას, ჯაშიაშვილსა და დანარჩენ თანამშრომლებს, .. რატომ არ არკვევენ, რატომ მალავენ, რაკი ღარიბი კაცი იყო არ კადრულობენ გამოაჩინონ. ამოიღეთ ხმა გამოიკვლიეთ, იმის საფლავი არის თელავში და კიდევ არიან მოხუცები, რომლებიც იცნობდნენ კარგად და ერთად მუშაობდნენ …“
წერილში ავტორი ,,პარტიულ ხალხს“ ადანაშაულებს, რომ მალავდნენ სტალინის მამის საფლავს და მტრობდნენ – ,,აფუჭებდნენ მისი დედის სახელს“. წერილში, ავტორი უთითებს, სტალინის მეჯვარე გიორგი ელისაბედაშვილზე და ამბობს: ,,ელისაბედაშვილს ვუთხარი ასეა საქმე, კეკეს ნათქვამი გადავეცი, მომიბრუნდა და მითხრა – სტალინის მამას ნურსად გამოაჩენთო, მოსპეთ ყველაფერი გაჩერდითო … ერთხელ სტურუას ვესაუბრე ეტყობოდა არც კი უნდოდა მოესმინა“.
ავტორი აქვე წერს, რომ ,,ბესო ახსოვს ჩემს მშობელს რომელიც 80 წლის მყავს, თვითონაც ამბობს შვილო თელავში არის დამარხული, მის ნათესავთან წავიდა, ნალოგი შეაწერეს და წაიყვანესო. მე თვითონ დავესწარი როცა ეხვეწებოდაო ვიცი იქ მიდიხართ, თელავში ჩემი დისშვილის ოჯახში მინდა წავიდეო და მესამე დღეს წაიყვანესო. კიდეც გაგვეხარდა რომ ფეხებს ვერ მოჭამენო. იქვე მოკვდა … იქ არის დასაფლავებულიო, მამას უკვირს რათ მალავენო. მართლაც იმალება, შეეკითხეთ მიზეზი რათ იმალება სურათი ან საფლავი თელავში.“
ჩემს მიერ მოძიებული სხვა დღემდე გამოუქვეყნებელი მოგონების ავტორი სტალინზე, გვაძლევს ინფორმაციას, თუ რა ,,ნალოგზე”, ანუ გადასახადზე შეიძლება იყოს საუბარი. აღნიშნული მოგონება დათარიღებულია 1949 წლის ივნისით. მისი ავტორია სოფელ დიდი ლილოს მცხოვრები ნინა ივანეს ასული ჯუღაშვილი, სანდრო ჯუღაშვილის რძალი. ეს უკანასკნელი ყოფილა ბესო ჯუღაშვილის ბიძაშვილი – ანუ ბესო ჯუღაშვილის მამა ივანე და მოგონების ავტორის მამამთილის გიორგი ჯუღაშვილის მამა ნიკოლოზი ძმები იყვნენ.
დოკუმენტში ვკითხულობთ: ,,ჩემი მამამთილის მონათხრობით ბესარიონი სოფელ დიდი ლილოდან წასვლის შემდეგ დიდხანს ითვლებოდა სოფლის მცხოვრებლად. მას აიძულებდნენ გადაეხადა ყოველწლიური გადასახადები და ,,სტარშინები’’ ეძებდნენ მას გადასახადის ამოსაღებად თბილისში… ჩემი მამამთილი გიორგი ყველას ეუბნებოდა, რომ მათი წინაპრები გამოსული იყვნენ გერიდან, გადასახლდნენ დიდ ლილოში. გიორგი გაკვირვებული ამბობდა თუ რატომ გადასახლდნენ გერიდან, რადგან დიდი ლილოდან შვიდი სოფელი გაიქცა აქ არსებული მუდმივი ქარის გამო სხვა ადგილებში. ზუსტად არ შემიძლია ვთქვა თუ ვინ გადასახლდა ბესოს მამა გერიდან ივანე თუ გიორგის მამა ნიკოლოზი თუ მათი მამა, მაგრამ ორივე დაიბადნენ დიდ ლილოში. ისინი ცხოვრობდნენ სოფლის აღმოსავლეთით … ერთ მიწურში.’’
ზემოდასახელებულ ანონიმურ წერილში მითითებულია მიზეზი თუ ბესარიონ ჯუღაშვილი ქალაქ თელავში რატომ დამარხეს: ,,თვითონ კეკე ამბობდა, რომ თავისი დიშვილის ოჯახში მოკვდა და იქვე დამარხესო. მე როგორც ღარიბი ვერ წავედიო … ჩემი ქმარი სივდებოდა ხოლმეო“.
როგორც ჩანს, ამავე ანონიმ ავტორს მეორე წერილიც გაუგზავნია, რადგან ის პირველი წერილის მსგავსი ხელწერითაა დაწერილი და ხელმოწერილი – ,,სიმართლის მთქმელი”. მეორე ანონიმურ წერილში უკვე ლაპარაკია ბესარიონ ჯუღაშვილის ნათესავი ქალის შესახებ, რომელიც იმ დროს ცოცხალი ყოფილა, და რომელსაც თითქოს დანამდვილებით სცოდნია, რომ სტალინის მამა დასაფლავებული იყო თელავში. ავტორის სიტყვებით, ეს პიროვნება იმის გამო, რომ ამბობდა სტალინის მამის საფლავი თელავში იყო, დევნას განიცდიდა და ,,სტურუას და ჯაშიაშვილის ცუღლუტმა აზრებმა და ღალატმა იმოქმედა და თავი მოიწამლა.“ წერილში აღნიშნულია, რომ ბესოს საფლავის თელავში არსებობის დასადასტურებლად მოწმეებიც კი მოუყვანია, მაგრამ დამუქრებიან, უთქვამთ: ,,ნუ გაჰქექამ ამ საქმეს ისე გამოდის ჩვენ ხახა ღია ვმსხდარვართო, ხმა არ ამოიღოო, თორემ პასუხისგებაში მიგცემთო … ყველა დაარწმუნეთ როგორმე რომ ჩავაჩუმოთო, ვითომ ქალაქში* მარხიაო“. წერილის ანალიზიდან ჩანს, რომ ავტორი თბილისის მაცხოვრებელი იყო, რომელიც პირადად იცნობდა ეკატერინე გელაძეს, იოსებ ჯუღაშვილის დედას. საინტერესოა ასევე ბესარიონ ჯუღაშვილის დისშვილის თელავში ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, რაც სხვა წყაროებში არ შემხვედრია. საქმე იმაშია, რომ ბესარიონ ჯუღაშვილს ჰყავდა ერთი ძმა გიორგი, მას ღვიძლი და არ ჰყოლია.
ბესო ჯუღაშვილის სავარაუდო საფლავის თელავში მდებარეობის შესახებ არსებული მასალის გადამოწმების მიზნით მოვიძიე დამატებითი ინფორმაციები. აღმოჩნდა, რომ ქალაქ თელავის ძველ მაცხოვრებლებს ახსოვთ, რომ თელავში ე.წ. ,,ქართველების სასაფლაოზე“ ამჟამად არსებული საფლავის რკინის ღობის და მასზე გაკეთებული მარმარილოს ქვის ადგილზე ფოტოსურათით და წარწერით ,,ბესო ჯუღაშვილი“ იდო საფლავის სულ სხვა, ძველებური ქვა წარწერით – ბესო ჯუღაშვილი, მასზე ამოჭრილი ჯვრით.
,,ბესო ჯუღაშვილის“ წარწერიანი საფლავის ძველი ქვა, ამჟამად გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების ფონდებში ინახება.
2012 წელს თელავის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში თელავის მუზეუმის შენობა დაანგრიეს და დღეს მუზეუმის ფონდები ექსპოზიციაში აღარაა გამოფენილი. მუზეუმის ფონდების უმეტესი ნაწილი გადატანილი და შენახულია სხვადასხვა ადგილას. ამის მიუხედავად, მუზეუმის თანამშრომლებმა მომცეს საშუალება მენახა ბესო ჯუღაშვილის საფლავის ძველი ქვა.
ბესო ჯუღაშვილის სავარაუდო საფლავიდან წაღებული და მუზეუმის ფონდებში დაცული საფლავის ქვა დაზიანებულია – მას ზედ გაკეთებული წარწერის ნახევარი მომტვრეული აქვს. ამჟამად მასზე მკაფიოდ ჩანს დატანებული ჯვარი. ფრაგმენტულად, მაგრამ გარკვევით იკითხება ქართულ ენაზე ამოტვიფრული წარწერა ბე.. და ჯუღა… . როგორც შესაბამისი დარგის სპეციალისტებმა ამიხსნეს აღნიშნული საფლავის ქვა არის მონოლითური წარმოშობის მეტაფორმული ქანი – ქვიშაქვა. იგი ხასიათდება იმით, რომ მასზე კვეთა ადვილად კეთდება და ის მსგავს დაბალი ხარისხის ქვებს ძველად უბრალო ადამიანების საფლავის ქვებად იყენებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ქვის სტრუქტურა არის შრეობრივი ხასიათის, დროთა განმავლობაში ქვა ზიანდება.
ამ მასალის მოძიების შემდეგ, იმის მიუხედავად, რომ სხვა ცნობებით ბესო ჯუღაშვილი დაკრძალული იყო თბილისში ე.წ. კუკიის სასაფლაოზე, შევეცადე გამერკვია თუ საფლავის ქვა წარწერით ,,ბესო ჯუღაშვილი“ საიდან აღმოჩნდა თელავში, იყო თუ არა სხვა ინფორმაციები მასზე.
საქართველოს საისტორიო ცენტრალურ არქივში მოვიძიე თელავში მოქმედი ეკლესიების ე.წ. ,,საეკლესიო წიგნებში’’ არსებული ჩანაწერები 1900-ანი წლების პირველ 10-წლეულში გარდაცვალებულების შესახებ, მაგრამ ბესო ჯუღაშვილის გარდაცვალების ჩანაწერს ვერ მივაგენი. ამასთან აღვნიშნავ, რომ თელავში იმ დროს მოქმედი ეკლესიების საეკლესიო ჩანაწერების რამოდენიმე წიგნი დაკარგულია.
ქალაქ თელავში მოსახლეობის დაბადების, ქორწინების, გარდაცვალების აღრიცხვას ძირითადად ახორციელებდა სამი ეკლესია. მათგან ერთი ძირითადად ემსახურებოდა თელავის სომხურ-გრიგორიანულ მოსახლეობას, დანარჩენი ორი კი ქართველებს და სხვა ეთნიკური ჯგუფების მართლმადიდებელ მრევლს. ამ ორიდან ერთ-ერთი,,უფლის ფერისცვალების’’, იგივე ,,ღვთაების’’ ეკლესია იყო. ძირითადად, სწორედ ეს ეკლესია ემსახურებოდა თელავის მართლმადიდებელ მოსახლეობას და არქივში დაცულ მის ე.წ. ,,საეკლესიო წიგნებს“ აკლია 1902 და 1906 წლის ჩანაწერები. არადა, როგორც ზემოთ აღვნიშნე რ. ბრაკმანი წერს, რომ ბესო ჯუღაშვილი თელავში სწორედ 1906 მოკლეს.
იმის გამო, რომ საარქივო, დოკუმენტური მასალების მოძიება იოსებ ჯუღაშვილის მამის საფლავის შესახებ ვერ შევძელი, ვცადე თანამედროვეების, ასაკიანი ადამიანების მოძიება ქალაქ თელავში, ვისაც შეეძლო ამ საკითხზე რაიმე ინფორმაციის მოცემა. მათი ინფორმაციის თანახმად 1960-იან წლებში თელაველმა მიხეილ ესტატეს ძე ჩიკვაიძემ, ბესო ჯუღაშვილის ძველ საფლავს, უფრო სწორედ ამ სახელის და გვარის წარწერიან საფლავის ქვას ირგვლივ რკინის ღობე ე.წ. ,,რეშოტკა“, მასზე დაამაგრებულ პატარა მარმარილოს ფილაზე დატანილი ბესო ჯუღაშვილის ფოტოსურათით და წარწერით დაადგა. იგი ამ საფლავს თავის გარდაცვალებამდე უვლიდა. მისმა ვაჟმა ესტატე ჩიკვაიძემ თავისი საოჯახო არქივიდან გადმომცა რამოდენიმე ფოტოსურათი, რომელთაგან ერთ-ერთზე გამოსახული არიან თელავში ბესო ჯუღაშვილის სავარაუდო საფლავთან მდგომი სტალინის შვილიშვილი ევგენი ჯუღაშვილი და მისი მეუღლე. ზოგიერთი ცნობით ევგენი ჯუღაშვილი 1970-იანი წლების დასაწყისში ჩამოსულა თელავში.
ბესარიონ ჯუღაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ჩემს მიერ წარმოებული კვლევის საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს ცენტრალურ საისტორიო არქივის ფონდებში მოვიძიე თბილისის ე.წ. ,,მიხეილის საავადმყოფოს’’ დოკუმენტები. კერძოდ, დასახელებული საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების 1909 წლის აგვისტოში შესული ნომერ 1679-ით რეგისტრირებული ავადმყოფის ისტორია. აქ არსებული ჩანაწერების მიხედვით ამ პაციენტის სახელი და გვარი ყოფილა ,,ბესარიონ მილოევ ჯუგ(ღ)აშვილი’’, ანუ ისინი ბესო ჯუღაშვილის მონაცემების იდენტურია, მაგრამ მამის სახელი განსხვავებულია. ამ დოკუმენტში ვკითხულობთ:
,,სახელი, გვარი – ბესო მილოვ ჯუგ(ღ)აშვილი
ეროვნება, სარწმუნოება –
ასაკი – 55
ოჯახური მდგომარეობა – დაოჯახებული
ადგილწარმოშობა – თბილისი მაზრის სოფელი ლილო
საცხოვრებელი ადგილი – ღამის გასათევი თავშესაფარი
ვინ მოიყვანა ავადმყოფი – პირადად
საქმიანობის სახე – მეწაღე
განათლება – გაუნათლებელი
ქონებრივი მდგომარეობა –
შემოყვანის დრო – 7 აგვისტო 1909
გაყვანის დრო – გარდაიცვალა 12 აგვისტო 1909
ავადმყოფობა – პნევმონია …’’
ავადმყოფობის ისტორიაში შემდეგ მოდის რვა აგვისტოთი დათარიღებული ინფორმაცია ავადმყოფის სიმპტომებზე. აღნიშნულია, რომ ავადმყოფი შემოვიდა ხველით, ტკივილით მკერდში, ხველა და ტკივილი დაიწყო ექვსი თვის წინ და ა.შ.…
დოკუმენტებში ასევე მითითებულია, რომ ავადმყოფი გარდაიცვალა 12 აგვისტოს დილის 6 საათზე. საარქივო საქმეში ასევე დევს ბესარიონ ჯუღაშვილის ე.წ. ტემპერატურის ფურცელი, სადაც ასახულია ავადმყოფის ტემპერატურის ცვალებადობა საავადმყოფოში შესვლიდან გარდაცვალებამდე. აქვეა, 1909 წლის 13 აგვისტოთი დათარიღებული მიცვალებულის გვამის გაკვეთის აქტი.
ასე, რომ, ალბათ, თელავში სტალინის მამის საფლავის არსებობა საბჭოთა პერიოდში სტალინზე შექმნილი ერთ-ერთი მითია, თუმცა ვინ იცის…
ისტორიას უყვარს სიურპრიზების ,,ჩვენება“ იქ, სადაც არ ველოდებით…
ავტორი იტორიკოსი – პროფესორი თენგიზ სიმაშვილი / თელავის მკვიდრი