თელავში, ოჯახის სიწმინდის დღე მასშტაბურად აღინიშნა, მსვლელობას მოქალაქეები, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტიდან შეუერთდნენ.
თელავის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში სასულიერო პირებმა პარაკლისი აღავლინეს. პარაკლისს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი ოჯახთან, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად დაესწრო.
ღვთისმშობლის ეკლესიიდან თელავის სახელმწიფო თეატრის მიმართულებით გაიმართა მსვლელობა, სადაც შეკრებილ მოსახლეობას სასულიერო პირებმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა სიტყვით მიმართეს.
” კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, თელავში აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს.
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღევლინა პარაკლისი.
გამოსულია უამრავი მოქალაქე ოჯახებთან ერთად, გაიმართება მსვლელობა, ღონისძიებაში ჩემს ოჯახთან ერთად ვიღებ მონაწილეობას.
ოჯახი ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი სიმტკიცის დაცვა ჩვენთვის ღირებული და მნიშვნელოვანია.
კახეთიდან, ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს”,- აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.
შეგახსენებთ, 17 მაისი – ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღე, მთავრობის დადგენილებით, წელს, უქმე დღედ არის გამოცხადებული. ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.