თელავში ერეკლე მეორის დაბადებიდან 303 წლის საიუბილეო თარიღი კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნა.
ღონისძიებები მეფის სასახლის კარის ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიიდან დაიწყო, სადაც მეფის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.
მეფის სასახლის საელჩო დარბაზში დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების მიღების ცერემონიალი გაიმართა. თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისათვის.
ასევე, საელჩო დარბაზში გაიმართა სამეფო ოჯახის მიერ მეფე ერეკლე მეორის სახელობის ორდენით დაჯილდოების ცერემონიალი; წარმოდგენილი იყო ,,ოქროს საწმისი“.
ღონისძიების ფარგლებში, ბატონის ციხის ეზოში მოეწყო ქართული ჭიდაობა.
თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა იარაღის გამოფენა.
ქალაქის ცენტრალური მოედანი კი კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს დაეთმო. ტერიტორიაზე წარმოდგენილო იყო სადღესასწაულო გამოფენები,
თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების მიერ ორგანიზებული პავილიონები, ადგილობრივ მხატვართა ნამუშევრების გამოფენა, ადგილობრივი კომპანიების, მცირე მეწარმეთა პროდუქტისა და ნაკეთობების პავილიონები, გერმანელ სტუმართა პავილიონი ბიბერახიდან,
საბავშვო კუთხე და გასართობი ატრაქციონები, ტურისტული და საინფორმაციო პავილიონები პროფესიულ კოლეჯ „პრესტიჟის“, „დინა თრეველისა“ და „ონკოლაინ-ჯორჯიას“ მონაწილეობით.