თელავში, ახლად რეაბილიტირებული ჩოგბურთის კორტები, “Telavi Open” ტურნირის მასპინძლობის პარალელურად, ოფიციალურად გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო 6 ღია და 2 დახურული კორტი, რაც სპორტული ობიექტის წლის ყველა სეზონზე ფუნქციონირების საშუალებას იძლევა.
განთავსდა ახალი ტრიბუნები, გარემონტდა ადმინისტრაციული შენობა და დამხმარე ნაგებობები, სპორტსმენებისათვის მოეწყო საუნა. სრულად შეიცვალა განათების სისტემაც.
განახლებული ინფრასტრუქტურით, თელავის კორტები ამიერკავკასიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. როგორც ღია, ასევე დახურულ კორტებზე შესაძლებელია მსოფლიო დონის მასშტაბის საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა.
“Telavi Open”-ის ფარგლებში ქალაქში ათეულობით ქვეყნის 100-მდე მოთამაშეა ჩამოსული, რაც გარდა ჩოგბურთის პოპულარიზაციისა, მუნიციპალიტეტში ტურიზმის, განთავსებისა და კვების სექტორში მომუშავე ბიზნეს ოპერატორებს უწყობს ხელს.
პროექტის ღირებულება, რომელიც საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, 3 900 062 ლარს შეადგენს.
კორტების გახსნას აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი მეუფე დავითი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები – ილია ბეგიაშვილი და მზია გიორგობიანი, პარლამენტის წევრები – ირაკლი ქადაგიშვილი, გელა სამხარაული, დავით სონღულაშვილი, საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ მთვარელიშვილი, ჩოგბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, კახეთის რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.