გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს კახეთის რეგიონში, ქალაქ თელავში ახალი ავტომატური სადგური დაემატა.
ახალი სადგური გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა, შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილე ევა ატერლოვ ფრისელმა და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ალადაშვილმა გახსნეს.
„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს ახალი ავტომატური სადგური ქალაქ თელავში დაემატა. მონიტორინგის ქსელის განვითარება გვაძლევს საშუალებას, მაღალტექნოლოგიური სადგურის საშუალებით არა მხოლოდ თელაველებს, არამედ ყველას, ვინც თელავს ესტუმრება, ჰქონდეს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ. აღსანიშნავია, რომ სადგური განთავსდა სკოლის ეზოში; მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისთვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ, ჩვენს ახალ თაობასთან ერთად ვქმნით იმ ევროპულ მომავალს, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი არის სუფთა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა. მინდა მადლობა გადავუხადო ადგილობრივ ხელისუფლებას და ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ გავაგრძელებთ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“,- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება და მონაცემებზე წვდომა ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი წინგადაგმული ნაბიჯი და დიდი მიღწევა. შესაბამისად, შვედეთის მთავრობა ამ მიმართულებით განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას“, – აღნიშნა შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ევა ატერლოვ ფრისელმა.
ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს 16 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგური, მათ შორის, 14 ავტომატური და 2 მობილური.