თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ორი პირის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის ცენტრში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არარეგისტრირებული პისტოლეტიდან გასროლით ორ პირს ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ორივე დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
დანაშაულის ჩამდენ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის მიმართ) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.
ცნობისთვის, გამოძიების ეტაპზე ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შედეგადაც დანაშაულის ჩადენის დროს შეზღუდულად შერაცხადობა დაუდგინდა.