თელავის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადება ® :
თელავის მუნიციპალიტეტის მერია ეხმაურება ,,მთავარი არხის,, ეთერში გასულ მორიგ ფეიკ-ნიუსს, რომელშიც საუბარია სოფელ კურდღელაურში სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების გადახურვის სამუშაოების თითქოსდა არაკეთილსინდისიერად შესრულებაზე.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ სტიქია, რომელმაც სოფელ კურდღელაურში და სოფელ კონდოლში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა მოხდა არა გასულ წელს, როგორც ამას ჟურნალისტი აღნიშნავს არამედ 2020 წლის 15 ივლისს. სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა სრულად შეისწავლა სპეციალურმა კომისიამ რის შემდეგადაც მთავრობის მიერ მოეწყო 300-მდე ახალი სახურავი. ხაზგასმით აღვნიშნავთ ,რომ იმ მოქალაქეების სახლები რომელზეც საუბარია სიუჟეტში არა სტიქიით არამედ სიძველისგან არის დაზიანებული, მსგავს შემთხვევებში, მერიას აქვს სოციალური პროგრამა, რომელიც ქირით უზრუნველყოფას გულისხმობს. იმ შემთხვევაში თუ სახლი არის საცხოვრებლად საშიში, თელავის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს ოჯახის უსაფრთხო გარემოში გადაყვანას ქირით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში.
აქვე დამატებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2021 წელს სტიქია იყო თელავის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელში – კურდღელაურში, კონდოლში, ნაფარეულში, ვანთაში, აკურაში, ქვემო ხოდაშენსა და წინანდალში, რამაც არა სახლების სახურავები არამედ ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა, მაშინ სოფელ კურდღელაურში – 25 ბენეფიციარს ჩაერიცხა – 52,141.30 ლარი, ანაზღაურდა დაახლოებით 17.40ჰა დასეტყვილ ვენახზე მისაღები ყურძნის მოსავალი;
ჩვენი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეებზე ზრუნვაა, შესაბამისად ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ინფორმაცია თითქოს მთავრობამ პარტიული ნიშნით მოახდინა დაზიანებული სახლების სახურავების რეაბილიტაცია არის სიცრუე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, იმ შემთხვევაში კი თუ მოქალაქეს საცხოვრებელი სახლი დაზიანებული აქვს სტიქიის შედეგად, შეუძლია განცხადებით მიმართოს თელავის მუნიციპალიტეტის მერიას, მოქალაქის განცხადება განიხილება და განხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.