საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი აგრძელებს სალოტბარო სკოლების მონახულებას. ამჯერად იგი სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სალოტბარო სკოლებს ყვარელსა და თელავში ეწვია.
სალოტბარო სკოლებში ვიზიტით ასევე იმყოფებოდნენ ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე და დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია.
თეა წულუკიანი გიორგი დონაძესა და გიორგი გაბუნიასთან ერთად შეხვდა თელავის სალოტბარო სკოლის ლოტბარ ბექა ბიძინაშვილსა და ყვარლის სალოტბარო სკოლის ლოტბარ ირაკლი (უშანგი) მათიკაშვილს, ასევე სალოტბარო სკოლების მოსწავლეებსა და წარმომადგენლებს.
კულტურის მინისტრი სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა შემოქმედებასა და მათ საჭიროებებს გაეცნო და სამომავლო გეგმებზეც ესაუბრა საზოგადოებას. თეა წულუკიანმა შეხვედრისას სკოლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისა და გაწეული შრომისთვის.
ინფორმაციისთვის: ყვარლის სალოტბარო სკოლა გაიხსნა 2015 წელს. ამჟამად სკოლაში 30 მოსწავლე ირიცხება. სკოლის ლოტბარია ირაკლი (უშანგი) მათიკაშვილი, რეგენტი – ბექა ბიძინაშვილი.
თელავის სალოტბარო სკოლა გაიხსნა 2017 წელს, მასში ამჟამად 11 მოსწავლე ირიცხება. პედაგოგები: ლოტბარი ბექა ბიძინაშვილი და რეგენტი გოჩა ბიძინაშვილი.
სალოტბარო სკოლების შექმნას ქართველმა მოღვაწემ ანზორ ერქომაიშვილმა ჩაუყარა საფუძველი. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელობით დღეს ქვეყანაში 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც უსასყიდლოდ ისწავლება ქართული მრავალხმიანი სიმღერა.
საქართველოს კულტურის სამინისტროსთვის ქართული ფოლკლორის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს ყველა სალოტბარო სკოლის მონახულება. კულტურის მინისტრი უკვე ესტუმრა მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონის, ზესტაფონის, ხონის, ბორჯომის, ახალციხის, დუშეთის, სამტრედიის, კასპის, ქარელისა და გორის სალოტბარო სკოლებს.