საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოჩენილი ქართველი ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ელენე ახვლედიანის, სახლ-მუზეუმს ესტუმრა და სამინისტროს ინიციატივით მუზეუმში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროს გიორგი ბოცვაძესთან ერთად გაეცნო.
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შემადგენლობაშია და მისი რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილება 2022 წელს მიიღეს.
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით- ამ ეტაპისათვის შესრულებულია სამუშაოების 70%.
საწყის ეტაპზე, განხორციელდა სადემონტაჟო სამუშაოები, ასევე აივნისა და ტიხრების კონსტრუქციული გამაგრება, რის შემდეგაც დაიწყო ახალი კედლების მონტაჟი. დასრულებულია მუშაობა საინჟინრო კომუნიკაციებსა და წყალმომარაგების სისტემაზე. მოწესრიგდა ელექტრო და სავენტილაციო სისტემები; აშენდა სველი წერტილები. ამჟამად ილესება ჩამონგრეული ნაწილები და შენობა მზადდება სამღებრო სამუშაოებისათვის. ბოლო ეტაპზე იგეგმება იატაკის განახლება, კედლების შეღებვა და სანათების დაკიდება. შედეგად, შიდა ინტერიერი სრულად იქნება რეაბილიტირებული.
პროექტისათვის გამოყოფილია 376 000 ლარი. მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.
აღსანიშნავია ისიც, რომ სივრცეს, სადაც ცნობილი ქართველი მხატვარი ელენე ახვლედიანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროს მიერ ავთენტიკურობის სრული დაცვით ჩაუტარდა. ამასთანავე, პროექტი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სამინისტროს ინიციატივის განხორციელებამდე სახლ-მუზეუმის ექსპონატები აღიწერა, შეიფუთა და ისინი სამუზეუმო სივრციდან დროებით ფონდებშია გადატანილი. ადგილზე დარჩა და სათანადოდ შეიფუთა მხატვრის კუთვნილი როიალი და მძიმე ავეჯი.
ცნობისთვის, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი 1976 წლის 18 აპრილს გაიხსნა. მუზეუმში დაცულია 3 000-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის: მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები, კოსტიუმები, წიგნის ილუსტრაციები, ფოტომასალა, პირადი არქივი და გამოყენებითი ხელოვნების კოლექცია, რომელსაც ცნობილი ხელოვანი სიცოცხლის მანძილზე აგროვებდა. ელენე ახვლედიანის სახელოსნოში ხშირად ეწყობოდა თემატური თუ პერსონალური გამოფენები და საღამოები ცნობილ მუსიკოსთა, მსახიობთა, პოეტთა და მხატვართა მონაწილეობით.