,,აქტიურად გრძელდება კახეთის მაგისტრალური გზის მშენებლობა. სხვადასხვა მონაკვეთზე სამუშაოების ტემპი განსხვავებულია, მაგრამ ყველგან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს. უკვე დასრულების ეტაპზეა ბაკურციხე-წნორის მონაკვეთი. პირველ, ყველაზე გრძელ 24 კმ-იან მონაკვეთზე, ინტენსიურად მიმდინარეობს საფარის დაგების სამუშაოები, დასრულებულია ყველა ხელოვნური ნაგებობა, მიმდინარეობს მისასვლელი გზების, კვანძების და სხვა კომუნიკაციების მშენებლობა. 35 კმ-იანი მონაკვეთი წელს დასრულდება, რაც კახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რომელიც, საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით, 110 კმ საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს,”- ამის შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის მშენებლობის სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნავს- თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი, სადაც 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა შენდება, მათივე თქმით- ვაზიანი-საგარეჯოსა და საგარეჯოს შემოვლითი გზის, ჯამში 31 კმ-ზე, სამუშაოები აქტიურად გრძელდება და 2024 წელს დასრულდება.
ცნობისთვის- ძველი გზა გადის მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებში: ვაზიანში, სართიჭალაში, ნინოწმინდასა და საგარეჯოში. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებებში, უზრუნველყოფს გადაადგილების უსაფრთხოებას და შეამცირებს მგზავრობის დროს
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.