თბილისი-საგარეჯოსა და ბაკურციხე-წნორის მონაკვეთებზე მიწის სამუშაოები, ხელოვნური ნაგებობების, გზის საფუძვლის და ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს
გავრცელებული ინფორმაციით- თბილისი-საგარეჯოს გზის პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის, გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული საავტომობილო გზა. 35 კმ-იან ჩქაროსნულ მაგისტრალზე, პირველი 4 კმ-იანი, 4 ზოლიანი მონაკვეთის (ვაზიანის შემოვლითი გზის) მშენებლობა დასრულებულია და გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს.
თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზა თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე, აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია. მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება, საერთო ჯამში, 527 მილიონ ლარს აღემატება.
ბაკურციხე-წნორის შემოვლითი 16.6 კმ-იანი გზა, 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის და 6 ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი გზა გვერდს აუვლის წნორსა და 6 მიმდებარე სოფელს (ბაკურციხეს, კარდენახს, ანაგს, ვაქირს, მაშნაარს და საქობოს). პროექტის ღირებულება 87.8 მილიონი ლარია