“თბილისი და მოსკოვი მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს”, -ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა “ქართულ ოცნებას”. პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მყოფმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მეორე ფრონტის გახსნა ხელისუფლების გამოგონილი საკითხია.
“რაც არ უნდა ეცადოთ და გაავრცელოთ ეს მეორე ფრონტის კონსპირაციული თეორიები, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ ევროკავშირის შექმნის იდეა, სწორედ, მშვიდობას ემსახურება და არა ომს. ევროკავშირი საქართველოში პირდაპირ ემსახურება ჩვენი ქვეყნის მშვიდობას, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახით და მშვიდობიან განვითარებას. რაც არ უნდა ეცადოთ, რომ ეს მოდელირებული სცენარები, რომლებიც წინა ხელისუფლებას სჩვეოდა და საეჭვოდ ემთხვევა რუსეთისა და სეპარატისტების გზავნილებს, თავს მოახვიოთ ხალხს, შედეგს ვერ მიაღწევთ. ფაქტია, რომ თბილისი და მოსკოვი ამ მეორე ფრონტის თემაზე ერთ ენაზე საუბრობს”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდს შეახსენა, რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია.
“რაც არ უნდა ეცადოთ, რომ დაამტკიცოთ თითქოსდა ევროპული და ჩვენი ეროვნული ინტერესი ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია, რეალობას ვერ გაექცევით, რადგან ტერიტორიის დაცვა, დეოკუპაცია, თავდაცვითი ძალების გაძლიერება, მოსახლეობის უსაფრთხოება, ეკონომიკისა და განათლების განვითარება ეს ყველაფერი წარმოუდგენელი და შეუძლებელია ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კავშირისა და თანამშრომლობის გარეშე. ერთი ვინმემ მითხრას შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გაყვანა ვისი დაფინანსებით ხორციელდება და ვისთან გვაკავშირებს თუ არა ევროპასთან? ერთი ვინმემ მითხრას, ევროპული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში ჩართვის გარეშე როგორ განვითარდებოდა იზოლაციაში მყოფი ჩვენი განათლების სისტემა?
ბოლოს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპულ სტანდარტებთან მიახლოებამ შემოიტანა ისეთი მნიშვნელოვანი პროგრესი, როგორიცაა, შრომის უსაფრთხოება, შრომის კოდექსის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, უსაფრთხოების ნორმები, გარემოს დაცვის სტანდარტები და ა.შ. საქართველოს ეროვნული ინტერესის დაცვა იზოლაციაში ყოფნით შეუძლებელია და ჩვენს ევროპულ პერსპექტივას ალტერნატივა არ გააჩნია!” ,-განაცხადა პრეზიდენტმა.