ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ შემოდგომის სერიის გამარჯვებული არაშენდის საჯარო სკოლის გუნდი გახდა.
30-შეკითხვიანი ფინალი არაშენდის მოსწავლეთა ექვსეულმა 16 ქულით მოიგო, მეორე და მესამე ადგილებზე კი 14-14 ქულით ვაზისუბნის საჯარო სკოლისა და გურჯაანის N2 საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ. შემოდგომის სერიის საუკეთესო მოაზროვნე კაჭრეთის გუნდის კაპიტანი თეა ბეროშვილი გახდა.
გამარჯვებულ გუნდს, საუკეთესო მოაზროვნეს, პრიზიორ გუნდებსა და ფინალისტებს სიმბოლური ჯილდო – ბროლის ბუები, წიგნები, ბორდგეიმები, ფასიანი საჩუქრები და საპატიო სიგელები გადაეცათ.
ინტელექტუალური თამაშის სასკოლო სერია გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ორგანიზებითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით ჩატარდა.