რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე ოქროს ფასი მერყეობს – ჯერ გაიზარდა და 2 წლის განმავლობაში პირველად 2,000 დოლარს გადასცდა, შემდეგ კი კვლავ შემცირდა და დღეს 1 უნცია 1 840 დოლარზე ოდნავ მეტია.
როგორი მდგომარეობაა ოქროს ბირჟაზე ჩვენს ქვეყანაში და იქონია თუ არა ომმა, ინფლაციის მაღალმა დონემ თუ სხვა ფაქტორებმა გავლენა ამ სექტორზე.
„დასათვალიერებლად თუ შემოვლენ, თითქოს მუზეუმში არიან, ზოგი კიდევ სიცხეს აფარებს თავს. ვინც შემოდის, იმათგან მყიდველი ძალიან ცოტაა“, – ასეთია განწყობა თბილისის ოქროს ბირჟებზე.
როგორც მოვაჭრეები ამბობენ, მათი მთავარი პრობლემა ახლა მოთხოვნის ნაკლებობაა – ხალხს ოქროს საყიდელი ფული ნაკლებად აქვს და აღარც გასაყიდად მიდის ვინმე ხშირად – „ვისაც რამე ჰქონდა, უკვე ყველამ გაყიდა ან ლომბარდში ჩააბარა“.
ფასები მერყეობს საქართველოს ბაზარზეც და როგორც მოვაჭრეები ამბობენ, ხშირ შემთხვევაში, საერთაშორისო ფასის ან დოლარის კურსის შესაბამისია. თუმცა ფასის კლება ან მატება 5-ლარის ფარგლებს არ ცდება.
ოქროს ფასებმა საქართველოში განსაკუთრებით პანდემიის დაწყებისას მოიმატა და თითქმის გაორმაგდა, მას შემდეგ კი ფასი მნიშვნელოვნად არც გაზრდილა და არც შემცირებულა.
„ხან მაღლა მიდის, ხან დაბლა, როგორც დოლარის კურსი, თუმცა უფრო მეტად მსოფლიო ბაზარზე უნციის ფასს მიყვება. ახლა მსოფლიო ფასი კი მატულობს, მაგრამ ჩვენთან მცირდება, რადგან ლარის დოლარის მიმართ გამყარება არეგულირებს.
ოქროსა და ვერცხლის საქმე გაგვიფუჭდა, სურსათზე კიდევ პირიქითაა, მოთხოვნა კი დიდია, მაგრამ ვერ ვყიდულობთ. ახლა ფულს ოქრო-ვერცხლში ვერ იშოვი. აი, დადექი და ნახავ, თუ კლიენტი მოვა“, – განაცხადა ოქროს ბირჟის ერთ-ერთმა მოვაჭრემ.
დღეს ჩვენს ბაზარზე 585 სინჯის ქარხნულად დამზადებული ოქროს ფასი, ძირითადად, 120-130 ლარიდან იწყება. 10-15 ლარით ნაკლებია ქვეყანაში დამზადებული ოქროს ნაკეთობის ფასები.
რაც შეეხება ვერცხლს, 1 გრამი ვერცხლის ფასი, ძირითადად, 4-8 ლარის შუალედში მერყეობს.