„დაახლოებით 1,5 ტონა ვაშლატამა მაქვს. დავკრიფე და ჩავაბარე, რაც დარჩა – ეს არის. ხეზე გაფუჭებას, ვთავაზობ ნებისმიერს: ჩამოვიდეს, დაკრიფოს და მიირთვას“, – განაცხადა კახეთში, სოფელ ვაზისუბანში მცხოვრებმა ფერმერმა გიორგი მეტრეველმა.
მისი თქმით, მიზეზი, რის გამოც ასეთი პრობლემა შეიქმნა, პირველ რიგში რუსეთ-უკრაინის ომია. როგორც კახელი გლეხი აცხადებს, რუსეთის მერე, ძირითადი ექსპორტიორი ქვეყანა უკრაინა იყო, სადაც არსებული სიტუაციის გამო ხილის გატანა ვეღარ მოხერხდა და ამ მხრივ შეიქმნა ე.წ. საცობი.
„რაც შეეხება ადგილობრივად ჩაბარებას, გარკვეული რაოდენობა აქ ჩავაბარეთ, მაგრამ ჩაბარებასაც თავისი წესები აქვს. ეს ვაშლატამა უკვე ზედმეტად მწიფეა და ბუნებრივია, მაცივრებისთვის მისი მიღება წამგებიანია. ომი რომ არა, ეს პრობლემა არ შეგვექმნებოდა, რადგან შარშან ყველაფერი გაცილებით კარგად იყო“, – განაცხადა გიორგი მეტრეველმა.
რაც შეეხება ჩასაბარებელ ფასს, როგორც ის აცხადებს, 30-40 თეთრად იბარებენ, თუმცა ამ ეტაპზე ესეც სანატრელია. „30 თეთრი რომ გადამიხადონ, მე პირადად, კმაყოფილი ვიქნებოდი“, – აცხადებს გლეხი. მისი თქმით, დაბალი ფასი განპირობებულია ხილის დიდი ოდენობის არსებობით და ცუდი ხარისხით.
როგორც გიორგი მეტრეველი ამბობს, ეს მდგომარეობა არ იქნებოდა, წვენის გადამამუშავებელი ქარხნები გამართულად რომ მუშაობდნენ. იმის გამო, რომ კახეთში რეალურად ერთი ასეთი გადამამუშავებელი ქარხანა ფუნქციონირებს, მისი თქმით, ვაშლატამა იქაც აღარ მიიღეს, რადგან მათ საკმარისი რაოდენობა უკვე შეძენილი ჰქონდათ.