Home დღის ამბები ვახტანგ გომელაურმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე ისაუბრა

ვახტანგ გომელაურმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე ისაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის საკითხზე, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, ძალადობის ფაქტებზე გაზრდილია მომართვიანობის რაოდენობა.

მისი თქმით, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონი არეგულირებს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და რეაბილიტაციის პროცედურებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2019 წლიდან, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური მოქმედებს. კოორდინატორის ფუნქციებია: სამართალწარმოების პროცესში მოწმის/დაზარალებულის ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა, ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის პრევენცია, გამოძიების მსვლელობისას მათი ინფორმირებულობის უზრუნველყოფა, სახელმწიფოში არსებული სერვისების გაცნობა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ეფექტიანი ურთიერთობის ხელშეწყობა. ასევე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი პრიორიტეტულად მუშაობს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე, მსხვერპლების მხარდაჭერის მიზნით. 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სისხლის სამართლის საქმეში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართვის უფლებამოსილება მიენიჭა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელს. მნიშვნელოვანია, რომ 2023 წელს კოორდინატორებმა მხარდაჭერა გაუწიეს 2307 პირს, რა დროსაც, განახორციელეს მოწმის, მსხვერპლისა და დაზარალებული პირების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერა და თითოეულ მათგანს მიაწოდეს ინფორმაცია სახელმწიფოში არსებული იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და სხვა არსებული სერვისების შესახებ“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა, მისივე თქმით, სამსახურის გაძლიერების მიზნით, იგეგმება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის რეფორმა, რის ფარგლებშიც, სამსახური შეუერთდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტს.

„აღნიშნული ცვლილების მიზანია კოორდინატორის სამსახურის გაძლიერება, მათი საქმიანობის კოორდინაციის ეფექტიანად უზრუნველყოფა, საერთო მიდგომებისა და სტანდარტების ჩამოყალიბება, რათა მსხვერპლების მხარდაჭერის მიზნით ფუნქციები ხარისხიანად და შედეგებზე ორიენტირებულად აღსრულდეს“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა