ვახო გაგნიძე – თელავის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი
დილაა, სამსახურში წასვლის დროა, სანამ ვფხიზლდები გონებაში სწრაფად გაირბენს გუშინდელი გატარებული დღის შედეგები, რა გავაკეთე, როგორ გავაკეთე, რა არის შედეგი. გამოვდივარ და დივანზე ჩამწკრივებული გაგნიძეების სპეციალური დანიშნულების რაზმი მზად არის დავალების გარეშეც დილიდანვე ცელქობის ხასიათზე იყვნენ. სულ პატარა ჯერ არ გამოუყვანია ჩემს რძალს, იმის დანახვას არაფერი სჯობია, რადგან გამოვა თუ არა თვალებში განათებს, გიცინის და გავიწყდება ყველაფერი. მოკლედ ძიას ძალიან კარგი გოგოა. ეხლა სიცილი ისწავლა, დგას და ხმამაღლა იცინის.
ზაფხულში, დილით, ჩემი აივნიდან ერთი ღერი სიგარეტის მოწევას არაფერი ჯობია. გაიხედავ დასავლეთით, პტოლემაიოსის რუკას გავს ჩემს წინ კავკასიონის და ცივის მთის გამაერთიანებელი მთის ზოლი, თუმც ფიქრობ, რომ ნამდვილად გავს. გავს და უკეთესი, რადგან ეს ყველაფერი ქართული მიწის კუთვნილება იყო ოდითგანვე. ეს არის ადგილი სადაც ალექსანდრე მაკედონელმა გაირა საყორნის მთის სანახავად, როცა ივერიის დასაპყრობად მოსულა. ჩემდა უნებურად ჩრდილოეთით, ალავერდისკენ გარბის თვალი და ალაზნის ველზე ნაგები ეს საეკლესიო ხუროთმოძრების ნიმუში, მიუხედავად თავისი შორი მდებარეობისა, მაინც გიზიდავს, გბოჭავს, საკუთარი გავლენის ქვეშ გაქცევს. XI საუკუნის დასაწყისში, კვირიკე დიდის მიერ, ძველი ეკლესიის ადგილზე აგებული ხელოვნების ეს შესანიშნავი ნიმუში XXI საუკუნეშიც ამაყად დგას და პაექრობს კავკასიონის მთებთან. ვინ იცის რას მალავენ და რისი მოყოლა სურთ და კიდევ რამდენს ინახავენ მისი კედლები.
ეს არის ადგილი, სადაც ქრიასტიანობამდე ალს სცემდნენ პატივს. ეს არის ადგილი, სადაც იოსებ ალავერდელმა ქრისტესაგან შორს მყოფთა მიმართ, რჯულის დასამკვიდრებლად, რწმენით და ღვთის სახლის შენებით განამტკიცა მართმადიდებლობა.
ჩემგან სამხრეთით, ზუზუმბო-დაბახნები და მაწანწარა მოჩანს, რომლის ისტორიაც არ ვიცი, ვერ ვარკვევ, რადგან ის ისტორიული წყვეტა რაც ქალაქს გააჩნია ძალიან საინტერესოა. მე და ბატონი ნიკა თუშაბრამიშვილი დაზვერვების მასშტაბურობაზე და შედეგებზე ემოციურად ვსაუბრობთ. არქეოლოგია დასრულდა, შედეგები სერიოზულია და ფიქრი მიდის იქით რა იქნება ამის შემდეგ?! ამას სამსახურში გავარკვევ ჩემ უფროსებთან. ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი სხვადასხვა მიმართულებით. კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი ქვეყნის და ქალაქის განუყოფელი ნაწილია, მას თავისი მიმართულებები აქვს, მას მკაცრი მიდგომა სჭირდება. ეს ის ფასეულობებია, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს და ჩვენ ვალდებულები ვართ გადავცეთ მომავალ თაობას. ამ ფიქრით აივნიდან შევდივარ ოთახში, ჩემი პატარა, ტიკტიკა ნანა კითხვას მაძლევს
– მამიკო დღეს ნაყინს მიყიდი?
– კი, მამა. ვეუბნები. ჩავდივარ ეზოში, კუცოს რომ არ დავუძახო და არ შევლაპარაკდე ისე არ გამოვა.
სამსახური, სადაც უკვე 12 წელია ვმუშაობ საინტერესო და პასუხისმგებლობით სავსეა. ამ წლების განმავლობაში ჩემ ყოფილ და ახლანდელ თანამშრომლებთან ერთად, ბევრი რთული და ხალისიანი დღეებია განვლილი. მერიის შენობაში შესვლამდე ერთი სიგარეტითაც ვიმოკლებ ცხოვრებას.
ორ რამეს ვერ ვივიწყებ შენობაში შესვლისას – 2006 წლის 9 თებერვალს, როცა ფოიეში მამაჩემის ირგვლივ სასწრაფოს პერსონალი ვნახე. მეორე კი 2008 წლის ომის პერიოდია. ცხოვრებას თავისი წესი აქვს, რასაც წინ ვერ დაუდგები. ამიტომ სანამ ღვთით ბოძებული სიცოცხლე გაქვს, უნდა შეეგუო ბევრ რამეს, ისწავლო მისი ავკარგიანობა და მოასწრო რისი გაკეთებაც აუცილებელია.
დერეფანში შევდივარ, ტერმინალზე კარტას ვატარებ, შემდეგ მეორე სართულის კიბეს მივუყვები. გზადაგზა სალმით იწყება სამუშაო ოთახამდე შესვლა. ოთახში როგორც ყოველთვის პირველი გურამი მხვდება, მოვიკითხეთ ერთმანეთი. მივუჯექი კომპიუტერს, წერილის ნახვის დროა – არ არის მოსული. არის შემთხვევა თავზე გაყრია საქმე, მაგრამ არაუშავს მთავარი საქმე თელავის დასავლეთი მონაკვეთია, ზუზუმბო-დაბახნები, VI სკოლის ტერიტორია და ყადორი, რომლებზედაც დასრულდა სამუშაოები და როგორც ზემოთ აღვნიშნე შედეგები სერიოზულია. ქალაქის ოთხი ტერიტორიიდან ზუზუმბო და დაბახნებია საინტერესო, მაგრამ მე ამ ორიდან მაინც ჯერჯერობით დაბახნებს გამოვყოფდი, რადგან პირველივე კითხვა რომელიც გიჩნდება ადგილზე არის ის, რომ XXI საუკუნის 10-იანი წლებია და ამ დრომდე არავინ დაინტერესებულა – რატომ არის აქაურობა შეუსწავლელი? აქ თითოეული სანტიმეტრი ნაგებობებით, ნანგრევებით და კერამიკითაა სავსე. აქაურობას რომ ნახავ შემდეგ სხვა თვალით უყურებ თელავს. სხვა თელავში ხარ. იმ თელავში, რომელიც ამ დრომდე მიწის ქვეშაა დამალული. აქ მახსენდება დედაჩემის ნათქვამი, როცა მამაჩემს უთქვამს -„თუ გინდა ძველი თელავი ნახო დასავლეთით ჩოლოყაშვილის ქუჩა უნდა გაჩხრიკო, ძველი თელავი მის ქვეშ არის”-ო. ამ დაზვერვების შემდეგ გონებაში ისეთი რამ გიტრიალებს, რისი თქმაც ჯერ გაშინებს, რადგან ეს ქალაქი მთლიანად შეუსწავლელია და არაზომიერი გამონათქვამით შეიძლება თავდაყირა დააყენო ყველაფერი. ამ დროს, ერთი რადიკალურად გადამწყვეტი პასუხს ვცემ საკუთარ თავს – „უნდა გავარკვიოთ“.
გულში კმაყოფილების განცდა მაქვს. ჩემს კოლეგებთან და ქალაქის გადაწყვეტილებების მიმღებებთან ერთად, დროის იმ მონაკვეთში ვარ, ვინც ამისი საშუალება მომცა და ქალაქის ისტორიის რომელიღაც მონაკვეთი ერთად უნდა გავარკვიოთ. მადლობა მათ.
ლიკაც შემოვიდა ოთახში ჩვეული სილაღით და მოსალმებით. ისიც გაგზავნილ წერილებს ნახულობს, ვიზირება გაკეთებულია თუ არა. იქაც ყველაფერი რიგზეა. ჩვენი განყოფილება სულ 6-7 თვის ჩამოყალიბებულია და ვფიქრობ შედეგებმაც არ დააყოვნა. გუნდურ პრინციპზეა აგებული განყოფილების ფუნქციონირება. ვაყენებთ ერთმანეთს საქმის კურსში, რა თქმა უნდა აქ პირველ რიგში ურთიერთპატივისცემაზეა აწყობილი ყველაფერი. ამ განყოფილებაში ყველა თანასწორია, ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის წარმოაჩენას და მის განვითარებას უნდა მოვახმაროთ ჩვენი რესურსი.
დიდი მოლოდინი მაქვს, ყორჩიბაშიშვილების ციხის ბურჯის სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტის მიხედვით და ხარჯთაღრიცხვით ჩაგვბარდება, რადგან კულტურული მემკვიდრეობის მოვლა და შენარჩუნება ძვირი სიამოვნებაა. ვნახოთ რა და როგორ იქნება. რაც არ უნდა იყოს გასაკეთებელი – ის უნდა გაკეთდეს. არაუშავს, სხვა რამ მოიცდის.
ოთახიდან დღეში უთვალავჯერ გამოვდივარ, კახას (ნაცვლიას) დღის განმავლობაში ათასჯერ ვესალმები. (რა თქმა უნდა ხუმრობით) ეს სოსო იაგორაშვილის ხუმრობა გამომყვა, რაც ფიქრიას სამსახურიდან ზემოთ – ინფრასტრუქტურაში გადმოვედი. შევდივარ მერის მისაღებში, მარის ვესაუბრები, იქვე თავის ლეპტოპში ნონაა ჩაძირული ნიუსების მომზადებაში. სხვათაშორის ეს გოგო მომწონს, თავისი ინტელექტით და ერუდიციით. შემდეგ ბიძინა ხატიაშვილის ოთახთან გაივლი, ნინო ზის თავისი მომღიმარი სახით. ბიძინას თუ არ სცალია მე ვასწრებ თქმას და ვეუბნები თავისივე მიკვლეულ დაბახნების ახალ ამბებს. დიდი წვლილი, ქალაქის ამ სიახლის შესახებ მასზე მოდის. იქაური კაცია, იცის ზეპირად თითოეული კუთხე. შესყიდვებში შევდივარ და იქ იწყება მაია კაკაურიძის “პილპილმოყრილი მადლი” და ნათიას თხოვნა – „ეხლა შენთვის არ მცალია, ბევრი საქმე მაქვს“. ამასობაში ასპარეზზე ირინა გამოდის, რომელიც ნამდვილი მშვიდობის მტრედია, რომ შემეძლოს გაეროში გავგზავნიდი. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამეა, ირინა სერიოზულად ხატავს, მაია ლიტერატურულად კარგად წერს, ალბათ მოვა დრო, როცა ისინი ამ ქალაქში თავის სიტყვას იტყვიან.
იურისტებთან სხვა საკითხია, იქ გარდა იურიდიული და საკრებულოს საკითხის მომზადებისა, რაზედაც ანა გვაფრთხილებს და გვეხმარება მათ მომზადებაში, ჩემი სერიოზული პრობლემის მოსაგვარებლადაც ხშირადაც შევდივარ. ნინო მიწერს შესაგებელს მიკროსაფინანსოებთან. არ არის, შვებულებაშია. ისე დამატრენინგა უკვე მეც თითქმის პროფესიად მექცა იურისტობა, მაგრამ გამოცდილება და პროფესიონალიზმი რომ ჭირდება ამ საქმეს, ეს უპირველესია. ფროდეულს მივადექი, რა თქმა უნდა აქაც თანადგომა და ურთიერთპატივისცემაა. ყველაფერი კარგად სრულდება, მთავარია დროში ჩავეტიო. კანცელარიაში თამუნასთან ვარკვევ შემოსული და გასული წერილების ამბებს. კარგ თანამშრომლებს რომლებთანაც ურთიერთობა არ ჭირს და ურთიერთპატივისცემაზეა აწყობილი სამსახური, ამაზე კარგი არაფერია. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, არ მაქვს შერჩევითი დამოკიდებულების არც თვისება და არც სურვილი, ჩემთვის ყველა ერთია, ყველასთან ჯანსაღ დამოკიდებულებას ვარჩევ. ამ შენობაში მომუშავე ნებისმიერი ადამიანი ქალაქის მოწესრიგებაზე და მის სწორ განვითარებაზე ზრუნავს.
ჩავდივარ კიდევ ერთი ღერის მოსაწევად, საშინელი სიცხეა, გონება მაინც დაბახნებისკენ გარბის, მეჩქარება, კიდევ რაღაც დამრჩა გასარკვევი. გურამის და ლიკას ვურეკავ, ვისაც სურვილი გაქვთ წავიდეთ დაბახნებზე. ესენიც მოდიან და მივუყვებით, ჩლოყაშვილის ქუჩას. ქუჩა რომელიც სიძველით სავსეა, მაგრამ აქ ზოგან ზედმეტი ჩარევებია, თუმც უბნის ძირითადი სტრუქტურა და ქუჩის ქსელი მაინც შუასაუკუნეების გამოძახილია.
დაბახნებზე ჩასვლისას ამ ზაფხულის სიცხით დახუთულმა, დაბახნების წყაროს წყლით გული რომ არ გაიგრილო – არ გამოვა. ამ მადლიან წყალს ისეთი გემო აქვს, სმით ვერ იჯერებ გულს. წყაროს რეაბილიტაციის და ტერიტორიის ინფრასტრუქტურის პროექტი შარშან გავაკეთეთ, მაგრამ იმის გამო, რომ ჯერ არქეოლოგია იყო დაგეგმილი, დროებით შევაჩერეთ. დასანანიც არაფერია. დაბახნები თვითონ მოიწყობს ყველაფერს, თვითონ მოიზიდავს ინვესტიციას და ტურისტებსაც. ჯერ კიდევ ბევრ სიახლეს გვპირდება აქაურობა.
წყაროს გადასწვრივ ნანგრევთან ვდგევართ, მე რაღაცას ვიწერ, ვინიშნავ, გურამი და ლიკაც დასტრიალებენ, არკვევენ ნანგრევის რაობას. ამასობაში ერთი თელაველი მოვიდა, მოგვესალმა და ასეთ რამეს გვეუბნება: „ქალაქში და ქალაქ გარეთ გვირაბებია და როცა დრო იქნება გაჩვენებთ“-ო. ჩვენც მეტი რა გვინდა, ვპასუხობთ. გურამი და ეს კაცი დიდი ხანი საუბრობენ. ამასობაში წასვლის დროც მოგვივიდა და დაბახნების წყაროთი გაგრილებულები ვბრუნდებით სამსახურში. იმედია სამსახურამდე მიგვყვება სიგრილე, მაგრამ სიცხე მაინც თავისას შვრება.
ბატონი მალხაზი არუდაშვილი ჩვენი ხშირი სტუმარია. თავისი განვლილი წლების დაგროვილ ისტორიებს გვიყვება. ისტორიული ძეგლების შესახებ საკმაო ინფორმაციას ფლობს. გვიყვება ამა და ამ ადგილას რა ხდება, რა აქვს ნანახი. უნდა რომ წავიდეთ, მოვიაროთ ის ადგილები, ჩვენც ამის დიდი სურვილი გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ. თან ჩემთვის ვფიქრობ, სასიარულო ბევრია და ამ ასაკის კაცი, ამ გზაზე ატარო, უხერხულია. დღესაც გვესტუმრა გამოგვკითხა მიმდინარე სამუშაოების შესახებ. თავისი შემართებით კიდევ ერთხელ წასვლა შემოგვთავაზა. წავალთ აუცილებლად, მთავარია მზად ვიყოთ ამ მოკლე ექსპედიციისთვის.
სამუშაო დღე დასასრულისკენ მიდის. რუსა და ბავშვები საღამოს თბილისში მიმყავს. წინ შაბათ-კვირაა და ვფიქრობ, რითი გავატარო ეს ორი დღე. ამასობაში მაკა მხვდება მოსიაშვილი და მთხოვს, ერთი ჩემი სამუშაო დღის შესახებ დავწერო და მივაწოდო. როგორ ვუთხრა უარი? ერთი ჩემი კოლეგის არ იყოს – სულ მსაყვედურობს, მეჩხუბება რომ პროფესია მავალდებულებს, რატომ არაფერს ვწერ ამ ახალ აღმოჩენაზე და რომ სხვანაირად არ შეიძლება. ამჯერად ვასრულებ მის მოთხოვნას, რა გამომივა ვნახოთ. პარალელურად მაკას თხოვნასაც ვასრულებ და ერთ, ჩემს რიგით სამუშაო დღის შესახებ წერას ვრჩები.
დაგვიმეგობრდით ფეისბუქზე : მთავარი ამბები კახეთში