EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ქართული ვაშლის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელს ჩამორჩება. წელს ქვეყანაში 130 ათასი ტონა მოსავალი მოვიდა, რაც რეკორდულ მაჩვენებლად ითვლება და დაახლოებით 80%-ზე მეტია წინა სეზონთან შედარებით. ამის მიუხედავად ფასები საბითუმო ბაზარზე არ კლებულობს და ჯერ ისევ მაღალ დონეზეა, თუმცა უახლოეს მომავალში კლება მოსალოდნელია.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის ოქტომბერში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 840 ტონა ვაშლი, რაც 14%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინ. იკლო ექსპორტის ღირებულებამაც – 630 ათასი დოლარიდან 2021 წლის ოქტომბერში 550 ათას დოლარამდე 2022 წელს. ქართული ვაშლი ექსპორტზე 100%-ით რუსეთში გადის.
ექსპორტის კლება ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან დაბალი მოთხოვნით არის განპირობებული. მიზეზი, რა თქმა უნდა, ომია უკრაინაში. რუსეთის ათასობით მოქალაქე საქართველოში გადავიდა, შესაბამისად, მოთხოვნამ ადგილობრივ ბაზარზე იმატა.
კიდევ ერთი მიზეზი ესპორტის კლებისა არის სხვა ხილის კონკურენცია, რომლებიც ამ დროისთვის მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადია. რა თქმა უნდა, ეს კონკურენცია ყოველ წელს არსებობს, მაგრამ მოთხოვნის კლების გამო, ეფექტი მეტად მკვეთრად ჩანს. ქართული ვაშლის ექსპორტისთვის ხელსაყრელი პერიოდი თებერვალსა და მარტში დგება.
ამასთან, EastFruit-ის ფასების მონიტორინგის ინსტრუმენტი აჩვენებს, რომ ვაშლის ფასები საქართველოს საბითუმო ბაზრებზე არ ეცემა, რაც ლოგიკური იქნებოდა რეკორდულად მაღალი მოსავლისა და სუსტი ექსპორტის გათვალისწინებით. როგორც EastFruit-ის კვლევა აჩვენებს, ტრეიდერების ფასებს მხარს უჭერს რამდენიმე ფაქტორი:
მოსავლის კრეფა დასრულებული არ არის, ხეებზე ისევ ბევრი ვაშლია
დიდი მოცულობის მოკრეფილი ვაშლი ინახება ადგილობრივ საწყობებში, ამიტომ ბაზარზე არსებული მიწოდება არც ისე მაღალია.
ბევრი მცირე ფერმერი, რომელსაც არ შეუძლია ვაშლის დიდი ხნის განმავლობაში შენახვა, იძულებული გახდება გაყიდოს მარაგი, რაც ზეწოლას მოახდენს მიმდინარე ფასებზე. სავარაუდოდ, ნოემბერში ექსპორტი კვლავ დაბალი იქნება, რადგან ბაზრის მონაწილეები აცხადებენ, რომ მომწოდებლები ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე მუშაობენ, რადგან იმპორტიორები ძალიან დაბალ ფასებს აწესებენ. ეს უკანასკნელი გასაკვირი არ არის, რადგან სხვა ქვეყნებში ვაშლს უფრო დაბალ ფასად ყიდიან.
ფერმერები აცხადებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოვაჭრეების ფასებს შესაძლოა გავლენა არ მოჰყოლოდა, მათი ფასები წლიდან წლამდე კლებულობს. დღესდღეობით ერთი კილოგრამი ვაშლის შეძენა 0,80-დან 1,30 ლარამდეა შესაძლებელი.