Home დღის ამბები ეკონომიკა ეკონომიკის ჩრდილოვანი სექტორები – საქართველოს ეკონომიკის რა ნაწილია ჩრდილში

ეკონომიკის ჩრდილოვანი სექტორები – საქართველოს ეკონომიკის რა ნაწილია ჩრდილში

წლებია გვესმის, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია. სხვადასხვა დროს, სხვადასხვა კვლევებში საუბარი იყო იმაზეც, რომ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 50%-60%-ს ფარგლებში მერყეობდა.

2020 წელს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ორი სექტორის – განათლებისა და უძრავი ქონების დაუკვირვებადი ეკონომიკის გამოკვლევა დაიწყო. კერძოდ, რეპეტიტორებისა და ბინის გამქირავებლების შესახებ იკვლევდა მონაცემებს, რადგან მაშინ „საქსტატში“ მიაჩნდათ, რომ დაუკვირვებადი ანუ ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობა ამ ორ სექტორში შესაძლოა, საკმაოდ დიდი ყოფილიყო.

ვნახოთ, თუ როგორია დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი საქართველოს ეკონომიკაში: სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს დაუკვირვებადი ანუ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-სთან 15,3% (ღირებულებით ნაწილში – 8,047 მლრდ ლარი) იყო, 2020 წელს კი ეს მაჩვენებელი 13,7%-ს (ღირებულებით ნაწილში – 5,901 მლრდ ლარი) შეადგენდა.

რაც შეეხება ეკონომიკის სექტორებს, როგორც „საქსტატის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2021 წელს ჩრდილოვანი ეკონომიკის ყველაზე მაღალი წილი – 55,2%, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობებშია, მას მოსდევს ხელოვნების, გართობის და დასვენების სექტორი – 26%-იანი წილით, ხოლო მე-3 პოზიციაზე ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქმიანობებია – 23,7%-იანი წილით.