ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2024 წლიდან კომერციულ გაზზე საფასურის მატება პურზე ფასის ზრდას არ გამოიწვევს.
როგორც ვიცე-პრემიერმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ამ თემასთან დაკავშირებით პანიკა მიზანმიმართულად ატეხა.
„სამწუხაროდ, გუშინაც ვისაუბრე ამაზე და ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. პურის ფასის მატების არანაირი წინაპირობა არ არსებობს და შეგვიძლია მკაფიოდ ვუთხრათ მოსახლეობას, რომ პურის ფასი არ გაიზრდება, პირიქით. ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ინფლაციის მაჩვენებელზე. საზოგადოებას გავაცანით ეკონომიკური მაჩვენებლები და მათ შორის ინფლაციის მონაცემები. ერთ–ერთი ის მიმართულება, სადაც ფასები შემცირდა, იყო სასურსათო პროდუქტები და არც პურზე ველოდებით ფასების ზრდას, პირიქით, ეს წნეხი მოსახლეობას მოეხსნა. კომერციულ ნაწილში ხდება ფასის ცვლილება და ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი, დამოკიდებულია საერთაშორისო ბაზრებზე და ნავთობპროდუქტების ფასებზე. ეს არ ეხება პირდაპირ მოსახლეობას. ამას აქვს ირიბი ასახვა ინფლაციაზე ამ მიმართულებით ფასი იზრდება ხოლმე გაზის. წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ცვლილება – უფრო მეტი შემცირება, ვიდრე ახლა არის ზრდა მოსალოდნელი იანვრის თვის დასაწყისიდან. 4 თეთრით იზრდება ტარიფი და ინფლაციაზე მისი მოქმედება უმნიშვნელოა. შედეგები პურის სექტორს ეს არ ეხება და ამაზე არის შეთანხმება. მსხვილ პურის მცხობელ კომპანიებს განსაკუთრებული პირობები აქვთ და პანიკის საფუძველი არ არსებობს, რასაც ზოგიერთი მედიასაშუალება ქმნიდა“, – აღნიშნა დავითაშვილმა.