ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა (ECDC) განაცხადა, რომ ევროპის მასშტაბით იზრდება დენგეს ცხელების შემთხვევები, რისი მიზეზიც ამ ინფექციის გადამტანი აზიური „ვეფხვის კოღოს“ გავრცელების მაღალი მაჩვენებელია.
ეს მწერები უკვე აღმოაჩინეს ევროპის 13 ქვეყანაში, რომელთა უმრავლესობა ტურისტებს შორის ძალიან პოპულარულია. მათ შორისაა ავსტრია, ბულგარეთი, გერმანია, საბერძნეთი, ესპანეთი, იტალია, მალტა, პორტუგალია, საფრანგეთი.
ამასთან დაკავშირებით, Euronews Travel-მა ტურისტებისთვის, ვინც ევროპაში აპირებს წასვლას, ამ დაავადებისგან დაცვის სასარგებლო რჩევები მოამზადა.
კერძოდ, სპეციალისტები ტურისტებს ურჩევენ ისეთი მარტივი ზომების მიღებას, როგორიცაა დახურული ტანსაცმლის ჩაცმა, უმჯობესია – ღია ფერის, რადგან მუქი ფერები მწერებს უფრო იზიდავს.
აუცილებელია კოღოსგან დამცავი საშუალებების გამოყენებაც.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ დენგეს გადამტანი კოღოები დღისით უფრო იკბინებიან, თუმცა უსაფრთხოებაზე ფიქრი ღამის საათებშიც აუცილებელია.
ასევე საჭიროა მწერებისგან დამცავი ბადეების გაკეთება საწოლზე, ფანჯრებისა და კარების ჩარჩოებზე.
სპეციალისტების რჩევაა კონდიციონერებისა და ვენტილატორების გამოყენება ძილის დროსაც, რადგან ჰაერის ძლიერ ნაკადს შეუძლია, მწერებს ორიენტაციაში ხელი შეუშალონ და დაჯდომისა და კბენის საშუალება არ მისცენ.
რადგან კოღოები დამდგარ წყალში მრავლდებიან, ამათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. ისეთი უმნიშვნელო საგანიც კი, როგორიცაა წყლის ბოთლის თავსახური, მათი გამრავლებისთვის სავსებით საკმარისია.
ცნობისთვის, დენგე – ესაა ვირუსი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში დაინფიცირებული კოღოს კბენის შემდეგ ხვდება. მართალია, ბევრ შემთხვევაში ინფექცია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ვირუსმა შესაძლოა პაციენტის დამძიმება და გარდაცვალება გამოიწვიოს. დენგეს, დაავადების სიმპტომური მიმდინარეობის შემთხვევაში, ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, ტკივილი მთელს სხეულში, გამონაყარი და გულისრევა.
პაციენტთა უმრავლესობის მდგომარეობა ერთ კვირაში უმჯობესდება, თუმცა მათ ნაწილს მძიმე ფორმა უვითარდება და ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, ასეთ შემთხვევაში დენგეს ცხელებამ შესაძლოა ლეტალური შედეგი გამოიწვიოს.
კომერსანტი/Commersant