ევა ლომთაძე – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი
ცხრა იყო დაწყებული როცა ავდექი… წუხანდელი წვიმის მერე ვიცოდი, რომ წყლის გარეშე უნდა ეცხოვრა ისევ ქალაქს… წყლის გარეშე, თუნდაც დიდი მარაგი გქონდეს, გამაღიზიანებლად იცვლება ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმი ოჯახებში, სახლებში, ქალაქში.
გასაბერ აუზს წვიმის წყალი შეეჩერებინა და კოჭებამდე ტბორიც დამდგარიყო ეზოში. ვიფიქრე, მეზობლის სახლს კედელი არ დაუზიანდეს-მეთქი და პატარა სათლით დავუწყე ხაპვა წყალს. ოციოდე წუთი მაინც დამჭირდა. მერე – ქარისაგან და წვიმისაგან ჩამოცვენილი ფოთლები მოვასუფთავე. სახლში რომ შევედი, ნონა, ჩემი რძალიც, ამდგარიყო, ყავა მოედუღებინა და მეზობელ ნონას უცდიდა. ერთად მივირთვით აივანზე ყავა. ბავშვებს ისევ ეძინათ. ცა ღრუბლიანი იყო, რაღაცნაირად ჩამოხვატული.
მოვწესრიგდი და ის იყო სამსახურში უნდა წავსულიყავი, რომ საკრებულოდან შემოსულ ზარს ვუპასუხე. საფინანსო კომისიის სხდომა გადაიდო, ხოლო მერიის შენობაში დაგეგმილი შეხვედრა სარეზერვო ფონდის შესახებ და საკრებულოში გასამართი შეკრება ქუჩების სახელდებების ცვლილებებთან დაკავშირებით, ჩვეულებრივ ჩატარდებაო.
საკრებულოში მისულს, შეწუხებულმა გოგონებმა მითხრეს, მერიაში ჩასატარებელი შეხვედრა კი იქნება, მაგრამ სარეზერვო ფონდის განკარგვას კი არ ეხება, სამხედრო რეზერვისტთა პროგრამას გულისხმობსო. ,,გაფუჭებული ტელეფონობანას“ თამაშიც ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვენს მუნიციპალიტეტში, ამიტომ დიდად აღარ გამკვირვებია თემათა თუ საკითხთა ასეთი განსხვავებულობა, თუმცა ყოველივე ამის შემხედვარე, მაინც გეფიქრება, რადგან ვერ გაგიგია, იცინო თუ იტირო ამ ყველაფერზე.
ნალექი ლაგოდეხის სოფლებში საკმაოდ დიდი მოვიდა და ძალიან დააზარალა ჭიაურის თემის სოფლები-განსაკუთრებით – ჰერეთისკარი. ფირუზი – ჩვენი ფრაქციის წევრი ხელახლა წავიდა ჰერეთისკარში, მოსახლეობის მდგომარეობას ეცნობა, მოგვიანებით ამოვა. ალიხანიც მოგვიანებით ამოვა და ამ კვირაში დაგეგმილ აქტივობებს ერთობლივად შევუდგებით ფრაქციის წევრები.
დიახ, კოკისპირული წვიმების მერე ლაგოდეხში წყალი არ მოდის. ამიტომ, ერთმანეთს ემსგავსება ნერვიული და შფოთიანი დღეები ბოლო ოცდახუთი წლის განმავლობაში.
რვა მილიონზე მეტი დაიხარჯა ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუმცა შედეგი ჯერ არაა… აქედან გამომდინარე, სამართლიან აღშფოთებას გამოხატავს მოსახლეობა. დილიდან გვირეკავენ, სოციალური ქსელებით გვიკავშირდებიან, გვწერენ და გვეკითხებიან წყალი როდის იქნებაო…საკრებულოს თავმჯდომარეს რომ ვეკითხები, ხუმრობის გარეშე მპასუხობს: როცა წყალი ხევში დაიწმინდებაო…. და ასე გადის მოლოდინი ხევში წყლის დაწმინდავებისა.
ფირუზიც ამოვიდა. ჰერეთისკარის ინფორმაცია ერთად გავიარეთ. მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთები დაეტბორა, ფრინველი დაეხოცა, საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე წყალია ჩამდგარი და ტუმბავენ მუნიციპალიტეტის ძალებით; თანანა, მერიის წარმომადგენელი, დილიდან იქაა და მოსახლეობაში დადის, ამუშავებენ მუნიციპალიტეტის ტექნიკას არხების გასაწმენდად და გასაჭრელადო.
შუადღემდე მე და ფირუზი კონკრეტული ადამიანების მდგომარეობის გასაცნობად დავდივართ ხოლმე, მათივე თხოვნით. წინა დღეებში საქობოში ვიყავით, რადგან ერთერთი მოქალაქის – გ. ს. ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყვიტეს და გვთხოვდნენ მათთან ჩასვლას. ამიტომ ვიდრე ქ. ლაგოდეხში, მუხანოვი-ჯაჯანაშვილის სახლში მივიდოდით, სოციალური სააგენტოს ადგილობრივ განყოფილებაში შევიარეთ. ადგილზე მისულებს, დენი ,,წასული დაგვიხვდა“, ამიტომ საქმის გარკვევა შემდეგისთვის გადავდეთ.
ჯაჯანაშვილების ოჯახშიც იგივე საწუხარი აქვთ-შეწყვეტილი სოციალური დახმარება, მათი საცხოვრებელი სახლის მძიმე ვითარება. თამრიკომ, გიოს დედამ, გიორგის წამლების შესაძენად თანხა აღარ მაქვს და არ ვიცი, რას ვიზამო. გიოს ყველა იცნობს ლაგოდეხში, ბავშვობაში გადატანილი მძიმე ავადმყოფობის მერე სულ შეიცვალა გიორგისა და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა. გიორგის გამოჯანმრთელებას შეალია ჯანი და ღონე დედამისმა, ახალგაზრდა ქალმა.
ამას წინათ, გიორგის შესახებ სოციალურ ქსელში დავწერე. ხუთი ათასზე მეტი ნახვა და უამრავი გაზიარებაც ჰქონდა ამ სტატუსს. სააღდგომოდ მისი დახმარების სურვილიც გამოთქვეს, აქა-იქ დაეხმარნენ კიდეც, მაგრამ გიორგისა და მისი ოჯახის ამბავს იქ, მთავრობაში, გულთან მიმტანი ადამიანი ვერ გამოუჩნდა.
თამრიკომ უბნის გასაჭირზეც გვითხრა, ქუჩის ლამპიონებისა და უპატრონო ძაღლების საკითხი მოვინიშნეთ და თამრიკოს აღვუთქვით, რომ მერსაც და საკრებულოს თავმჯდომარესაც მივმართავდით აუცილებლად წერილობით.
საკრებულოში დაბრუნებულები, ფირუზი ნინიგორში გაიქცა მანქანის ხელოსანთან, ძალიან ურევს მისი ხანიერი ,,ლურჯა“ და სანამ გზაში, სადმე არ დაგვტოვა /ღმერთმა დაგვიფაროს/, იქნებ გაარკვიოს, რა სჭირს.
ლალი ევტუშენკომ დამირეკა წყლის საკითხთან დაკავშირებით, ისიც ძალიან ნერვიულობდა. შევპირდი, რომ აუცილებლად მოვამზადებდით შეკითხვებს საკრებულოსა და მერიის სახელზე.
საკრებულოში ელექტრონული საქმის წარმოებაზე ახლა გადავიდნენ. ამიტომ, ინტერნეტი და პროგრამა ჯერ ,,ურევს“. ქართული შრიფტები ისევ ჩასაწერი დამიხვდა. ამიტომ, მერიაზე და საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე მოსამზადებელი საკითხების ელექტრონული დამუშავება სახლში მომიწევდა.
ამასობაში ბატონი ალიხანიც მოვიდა და მერიაში გადავედით. ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებმა თვითმმართველობებს გააცნეს რეზერვისტთა პროგრამა. ქალების ჩართულობა მომავალი წლიდან გვაქვს განზრახულიო.
საკრებულოში გამართულ შეხვედრას სახელდებებთან დაკავშირებით ვნებათაღელვა ახლდა. წინა საკრებულომ, შარშან, ამ დროს, მთავრობის შესაბამის კომისიას მიმართა ლაგოდეხის სოფლებში ქუჩების სახელდების თაობაზე. ვახტანგ დევიძე და მე ვიყავით საკრებულოში ლაგოდეხელი ნიკა ნოზაძის ინიციატივის /ნინიგორში, ცენტრალური ქუჩისათვის 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად აღსრულებული შმაგი ნოზაძის სახელი მიკუთვნების თაობაზე/წარმდგენნი. ამ ინიციატივას საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარისა და ბიუროს წევრთა დიდი ნაწილისგან წინააღმდეგობა შეხვდა გაურკვეველი მოსაზრებების გამო (რა თქმა უნდა, რეალური მიზეზი იყო ის, რომ ინიციატორები ამ წინადადების ვიყავით ოპოზიციური პარტიის-ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები).
მიუხედავად წინააღმდეგობისა, საკრებულო იძულებული გახდა, რომ ეს ინიციატივა სხვა წინადადებებთან ერთად გადაეგზავნა მთავრობის კომისიაში. და ახლა, თითქმის ერთწლიანი პერიოდის შემდეგ მოგვახსენეს, რომ თამარიანელთა და ბაისუბნელთა ინიციატივების გარდა, საჭირო იყო დანარჩენ პირებზე /მათ შორის შმაგიზაც/ დამატებითი არგუმენტები მუნიციპალიტეტებიდან, რადგან კანონმდებლობით გათვალისწინებული ოცი წელი ჯერ კიდევ არ იყო გასული მათი გარდაცვალებიდან. მოვითხოვე ის წერილი, რომლითაც გვთხოვდნენ დამატებით არგუმენტებს მთავრობიდან. როგორც გვითხრეს, ეს რეკომენდაცია სატელეფონო საუბრისას მიგვითითესო. მოდი და ნუ გაოცდები! ადამიანი სამშობლოსათვის ომში აღესრულება და კანონმდებლობა ითხოვს მეტ არგუმენტს… ,,კანონის სახელით“ ამგვარი დამოკიდებულებები რომელი მთავრობისაც არ უნდა იყოს, ძალიან დამაფიქრებელია!
შევიმუშაოთ არგუმენტები და გადავაგზავნოთო, ითქვა სხდომაზე. ვნახოთ, რა იქნება.
შეხვედრა ექვსი საათისთვის დამთავრდა. საბუთები მოვაწესრიგე და სოციალურ ქსელებს გადავავლე თვალი. ლაგოდეხელები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ წყლის შესახებ.
ახალმა ინფორმაციამ, რომ წყალი კიდევ სამი დღე არ იქნებაო, კიდევ უფრო მეტი კომენტარი გამოიწვია. ტექნიკური წყალი ორიოდე დღის სამყოფიღა მქონდა მეც ოჯახში. სასმელ წყალს რაც შეეხება, მახლობელ მაღაზიაში ვყიდულობდი, ან რანის სტადიონიდან ჩამოგვქონდა საღამოობით მე და ბავშვებს. ეს კი არასაკმარისია ზაფხულის ცხელი დღეებისათვის. ამ საღამოს წასვლა მოგვიწევდა ისევ რანზე. სტადიონთან ექვსის მერე წყლისათვის გრძელი რიგები ჩნდება. ტაქსს ვერ ალოდინებ. ვისაც მანქანა არა აქვს, იძულებულია, როცა აავსებს, მერე გამოუძახოს ტაქსს. სარეცხისათვის წყლის მოტანა კი, რა თქმა უნდა, უფრო რთულდება. სოციალური ქსელებით შემოსულ შეტყობინებებს ვუპასუხე და შვიდზე საკრებულოდან გამოვედი.
ეზოში შესულს, უბნის ბავშვებით სავსე დამიხვდა ეზო. მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლიანი საღამო იყო, გასაბერ აუზში გრილდებოდნენ… რამდენიმე დღის წყალს არ დაეძებდნენ, მხიარულობდნენ. საბუკა კიბიდან შემომეგება. საბა შვიდი წლისაა, ჩემი ძმისშვილიშვილი. არდადეგებზე თავის დაიკოსთან ერთად ჩამოიყვანეს მშობლებმა. ჩემი ნებიერაა. რაღაცნაირი, სასაცილო. ცდილობს დიდი იყოს, ამიტომ ხშირად დიდ ,,ფლოსტებში” წადგამს ხოლმე ფეხს. ახლაც, ორი ზომით დიდი ,,შლოპანცები“ და მოკლე, ლურჯი, შარვალი ეცვა. ლეკვივით შემომახტა: ევი, ევი, წავიდეთ რა მაღაზიაში, წყლის თოფს ხომ შემპირდიო. – შემომჩიფჩიფა. კიბეზე ასვლა არც მაცალა… ტყლაპ-ტყლუპ, სასაცილოდ იმზირებოდნენ გამხდარი პატარა ტერფები საბას დიდ ,,შლოპანცებში“… მართლა აღარ მახსოვდა გუშინდელი ჩემი პირობა.
-წავიდეთ, მაგრამ უკვე გვიანია და რომ ვერ მივასწროთ? თან თმა და მაისური სველი გაქვს, ამ შარვლით და “ფლოსტებით” აბა, როგორ წაგიყვანო? გამოიცვალე.
ბავშვები ჟრიამულობდნენ და არ დაეძებდნენ იმას, რომ წყალს აუზში უკვე მოყვითალო ფერი ედო…
-თმას უცებ დავივარცხნი, მაისურს და შარვალსაც უცებ-უცებ გამოვიცვლი, მე ხომ უკვე დიდი ვარო, – და თვალისდახამხამებაში კარებში შევარდა… ეზოში მეზობლის გოგოები ისხდნენ, წყალზე საუბრობდნენ… ნონა წუხდა, რომ ლამის ერთი კვირის წინანდელ წყალში ჭყუმპალაობდნენ ბავშვები: არაფრით არ დამიჯერეს, ექვს საათზე მაინც ჩახტნენ და ამოსვლას აღარ ცდილობენო.
ნიკა და დათუნა წყალს ასხამდნენ ერთმანეთს. თეკლა, სალომე და ქეთი ბიჭებს ტუქსავდნენ – ნუ გვასველებთო… სასაცილოები. სანდრო კი უკვე ამოსულიყო: – შემცივდაო – მშრალდებოდა და წასასვლელად ემზადებოდა… საბა ხუთ წუთში გამოვარდა. მაისური და შარვალი გამოეცვალა, თმაც გადაევარცხნა, მაგრამ შლოპანცები, ნურას უკაცრავადო! – შემომჩიფჩიფა. მეც აღარ დამიძალებია.
მაღაზია აქვეა, ახლოს, ასიოდ მეტრში, ამიტომ შლოპანცების ტყაპა-ტყუპით გავედით მაღაზიაში. მივუსწარით და საბაზე ბედნიერი არავინ იყო იმ წუთას, ხელჩაკიდებული გამოვედით.
,,კუზმასთან რძესაც ხომ მიყიდიო” – გამომცდელად შემომხედა და გამიკრიჭა… უსწორმასწორო კბილები, გულომდგინედ დავარცხილი თმა და და მოზრდილ ჩუსტებში პაწაწა გაფშეკილი ტერფები … გამეღიმა.
რძის კაცია საბა, რძე ძალიან უყვარს და რძის ყიდვა მისთვის ძალიან დიდი რიტუალია… შევედით კუზმასთან და საბასთვის რძე, ბავშვებისათვის ნაყინი და სახლისთვის წყალი ავიღეთ…
ცხრა საათზე რანზე წავედით. უფროსებს ხუთლიტრიანი წყლის სათლები ჰქონდათ წამოღებული, ბავშვებს-ლიტრიანი ბოთლები. რიგი დიდი იყო, ოცდამეექვსე ვიყავი… უწყლო დღეებს ერთი პოზიტივი აქვს, ზოგჯერ დიდი ხნის უნახავ ადამიანებს გახვედრებს რანის წყლის რიგი. ცოცხალი სოციალური ქსელია, ათას ამბავს გებულობ, ამ მთისას, იმ ბარისას, მთავრობისაც.
რიგში, რა თქმა უნდა, ძირითადად მაინც წყალზე საუბრობენ და ბრაზობენ. ნაცნობები იყვნენ, ჩემი თანაქალაქელები. მოვიკითხე, მაგრამ საუბარში მაინც არ ჩავრეულვარ, ტელეფონში ვეცნობოდი ლაგოდეხელთა გვერდებზე კომენტარებს… საათნახევარი მაინც მომიწია ლოდინმა. პატარებმა გული იჯერეს სასრიალოებზე. თორთმეტი იყო დაწყებული სახლში რომ მივედით. ნონას სარეცხი დაერეცხა და ძალიან დაღლილი იყო. წუხდა, რომ მესამე ორმოცდაათლიტრიანი ავზიც გახარჯულიყო და გვრჩებოდა მხოლოდ ორი. ამ ორიოდე დღეს რაღაცნაირად გადავიტანთ, მაგრამ მერე რომ არ მოვიდეს, როგორ მოვიქცეთ? თუ ოთხშაბათს არ იქნა, ხუთშაბათს წავალთ მე და ბავშვები რუსთავშიო.
ნონამ აბანავა პატარები. საბას ძალიან ეძინებოდა, მაგრამ რძე კიდევ მიირთვა. ვიდრე საბა, ქეთი და წინა დღეს შემოკედლებული კნუტი აივანზე რძეს მიირთმევდნენ, შევიჭვრიტე ისევ facebook-ზე. გამეცინა. კომენტარებს შორის ამოვიკითხე რანის სტადიონზე შეხვედრილი ნაცნობის კომენტარიც. იქ, რიგში, ძალიან ბრაზობდა მთავრობაზე, facebook-ზე კი ლაგოდეხის ახალ მმართველებს ხოტბას ასხამდა.
ბავშვებმაც დაიძინეს. გარეთ გავედი. სასიამოვნოდ გრილოდა. ეს ის პერიოდია, როცა სიწყნარე და სიგრილე სულის მოთქმის საშუალებას გაძლევს… ლალიმ გამომძახა: – ახლავე გამოვალო – გამოვიდა. ჟენიამ რაჭისუბნის წყალი მოიტანა: – ეს ორლიტრიანი სასმელ წყლად ბავშვებისთვის გამოიყენეთო. – საოცარი მეზობლები მყავს, ძალიან ყურადღებიანები. წეღან, ვიდრე რანზე ვიყავით წასულები, ნათიას შემოუტანია ათლიტრიანით წყალი: – გიამ რაჭისუბნიდან მოიტანა და ბავშვებისთვის დაგჭირდებათო. – ღმერთმა ნუ მომიშალოს ჩემი მეზობლების თავი!
მე ნაყინით გავუმასპინძლდი ლალის. ვისაუბრეთ პოლიტიკაზეც. როცა წავიდა, აივანზე გადავინაცვლე. მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან და ნოუთბუქთან. თვალი გადავავლე სოციალურ ქსელს, ავკრიფე მიმართვები წყლისა და ჯაჯანაშვილების ოჯახის პრობლემატიკაზე და დავიწყე ერთი დღის ამბების გადმოცემა. ძალიან დაღლილი ვიყავი, მეძინებოდა. ვხვდებოდი, რომ ამ ღამით უკვე ვეღარ შევძლებდი წერას…
სუსტი ვარსკვლავები და მილეული მთვარე ცაზე. ჩრდილოეთით, მთებთან მოგროვილი მუქი ღრუბლები და მთქნარებით დაღლილი ღამის სიჩუმე. ღამის სიჩუმე და უცვლელი ჭრიჭინობელა – მევიოლინე…
ნეტავ არ გაწვიმდებოდეს ხვალ…
ევა ლომთაძე