Home დღის ამბები ეკონომიკა დღეიდან მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება – ვის შეეხება ცვლილებები

დღეიდან მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება – ვის შეეხება ცვლილებები

დღეიდან მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება. საუბარია საბურავების, ზეთების, აკუმლატორების და ელემენტების, ასევე ელექტრონული და ელექტრული ნარჩენების მწარმოებლებსა და იმპორტიორებზე.

უფრო კონკრეტულად, თემის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა  ისაუბრა.

მისი თქმით, რეგულაცია ევროდირექტივებიდან გამომდინარეობს და საქმე ეხება ნარჩენების მართვის სქემას, რომელიც აღნიშნული საქმიანობით დაკავებულმა მწარმოებლებმა უნდა შექმნან.

“ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდეს მოსახლეობამ და პირველ რიგში, ბიზნეს ოპერატორებმა, რომ მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულება გამომდინარეობს ევრო დირექტივებიდან, ასევე, ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია ზოგადად ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესება. სწორედ მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულება. მარტივად რომ ვთქვთ, ამ შემთხვევაში მწარმოებლებში იგულისხმება იმპორტიორი, ბაზარზე განმთავსებელი, დისტრიბუტორი და ვისაც შეხება აქვს ამ ნაკადებთან.

მკაფიოდ ვთქვათ ორი თარიღი, პირველ ივნისამდე მათ უნდა გაევლოთ რეგისტრაცია, რომ ყოფილიყვნენ სარეგისტრაციო ბაზაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ აეკრძალებათ 1-ლი ივლისიდან პროდუქციის იმპორტი. ვინც ამ ოთხი ნაკადის, კერძოდ, ავტომობილის ზეთები, ავტომობილის საბურავები, აკუმულატორები და ელემენტები, ასევე ელექტრონული და ელექტული ნარჩენების წარმოებითაა დაკავებული, ეს ეხება მხოლოდ მათ ამ ეტაპზე. ამიტომ, სხვა მეწარმეები ნუ ეცდებიან ამ ბაზაში დარეგისტრირებას, ძალიან მკაფიოდ არის ეს ოთხი რეგლამენტი, რომელიც ატვირთულია საიტებზე, როგორც გარემოს დაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის საიტზე, ასევე rs.ge-ზე.

მთავარი მიზანია, როგორც საქართველოს მთავრობის, ისე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსი, რომ ამ რეგლამენტებმა რამე შეფერხებები, სპონტანური მოვლენები არ გამოიწვიოს. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მათი აზრიც გაგვეთვალისწინებინა, ამ რეგლამენტის მიღების პროცესში და სწორედ მათთან ერთად მივიღეთ.

ეს გულისხმობს იმას, რომ თუ მე მაქვს ბაზარზე 10%, ეს ოთხივე რეგლამენტი მაძლევს საშუალებას, შევქმნა სქემა, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ მართოს ჩემს მიერ პროდუქციის გამოყენების შემდგომ დარჩენილი ნარჩენები. მას მისცეს ისეთი ფორმა, რომ უსაფრთხო იყოს გარემოსთვის, ან მოხდეს მისი რეციკლირება, აღდგენა, ან ექსპორტზე გატანა. ანუ უპატრონოს ამას, იმიტომ, რომ ნარჩენი ნაგავი არ არის, მას გააჩნია ღირებულება და როდესაც ჩვეულებრივ, პროდუქცია კარგავს სახმარ ღირებულებას, იმის შემდგომ დარჩენილ ნარჩენზე ვინმე ხომ უნდა იყოს პასუხისმგებელი”, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.