Home დღის ამბები დღეიდან ბაზრობის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესი იცვლება

დღეიდან ბაზრობის ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესი იცვლება

დღეიდან, 1 აპრილიდან ბაზრობის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტებისთვის ინფორმაციის წარდგენის წესი იცვლება.

ფინანსთა მინისტრის მიერ ხელმოწერილი ბრძანების მიხედვით, ბაზრობის ტერიტორიაზე საქონლის სარეალიზაციოდ განკუთვნილი სტაციონარული სავაჭრო ობიექტების და არასტაციონარული სავაჭრო ადგილების მეიჯარის მიერ ინფორმაციის წარდგენა ახალ წესებს უნდა დაექვემდებაროს.

კერძოდ, პირი რომელიც ერთ დღეზე მეტით, იჯარით ან ქვეიჯარით იქირავებს ბაზრობაზე ადგილს ვალდებულია, საგადასახადო ორგანოს ელექტრონულად წარუდგინოს ინფორმაცია ეკონომიკური საქმიანობის შესახებ.

პირი ინფორმაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა.

წარსადგენი ინფორმაცია კი შემდეგია:

ა) მეიჯარის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა და იურიდიული მისამართი;
ბ) ბაზრობის საფირმო სახელწოდება;
გ) მიწის საკადასტრო კოდ(ებ)ი და შესაბამისი მისამართ(ებ)ი;
დ) სტაციონარული და არასტაციონარული ობიექტების რაოდენობა;
ე) ინფორმაცია მოიჯარისა და ქვემოიჯარის შესახებ, მათ შორის: დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, ფიზიკური პირის შემთხვევაში – ინფორმაცია მოქალაქეობის შესახებ;
ვ) მოიჯარის/ქვემოიჯარის საქმიანობის სახე;
ზ) იჯარით/ქვეიჯარით გაცემული ობიექტის ფართობი (კვ.მ) და ტიპი;
თ) იჯარის/ქვეიჯარის ხელშეკრულების ნომერი, თარიღი, თანხა ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულების დაწყების, დასრულების, ცვლილების და შეწყვეტის თარიღი;
ი) შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
წესების დარღვევა, ობიექტის მფლობელის 4 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით კი, ელექტრონული წარდგენის წესი საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. ასევე, წარდგენის ვადად 30 დღე იყო განსაზღვრული და არ იყო გაწერილი, მოიჯარე რამდენი დღის შემთხვევაში იყო ვალდებული ეცნობებინა საგადახდო ორგანოსთვის ფაქტის შესახებ.