დიდ ბრიტანეთში, უვიზო რეჟიმით მოსარგებლეების გარდა, წინასწარი ელექტრონული ავტორიზაცია (ETA) ყველა მოგზაურისთვის სავალდებული ხდება, რაც ათწლეულების განმავლობაში სასაზღვრო წესების ყველაზე დიდი ცვლილება იქნება ქვეყანაში.
ცვლილება ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, იაპონიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც შეეხებათ და ძალაში 2024 წლის ბოლოდან შევა. გამონაკლისი იქნებიან ბრიტანული და ირლანდიური პასპორტის მქონეები, ასევე ბრიტანეთში დაფუძნებულების სტატუსის მქონენი და ცხოვრების/სწავლის უფლების მქონეები.
როგორც მთავრობაში ამბობენ, სქემა მიზნად ისახავს სასაზღვრო უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ანალოგიურია აშშ-სა და კანადის მოდელისა. ხელისუფლების წარმომადგენლების თანახმად, ახლანდელი წესები არაა საკმარისი ზუსტი მონაცემების მოსაპოვებლად იმ ხალხზე, რომლებიც ქვეყანაში შედიან და გამოდიან.
ETA-ის საფასური ჯერ დადგენილი არაა, თუმცა მოსალოდნელია, რომ იმავე საფასო კატეგორიაში იქნება, რაც აშშ-შია. ამერიკაში ელექტრონული ავტორიზაციის საფასური 21 დოლარია.
აღსანიშნია, რომ ელექტრონული ავტორიზაციის სისტემის (EITAS) დანერგვა ევროკავშირშიც იგეგმება 2024 წლიდან.
ცნობისთვის, ბრიტანეთში ახალი კანონის მიღება იგეგმება, რომელმაც მიგრანტების და თავშესაფრის მაძიებლების ლა-მანშის სრუტის გავლით, პატარა ნავებით ქვეყანაში შესვლა უნდა დაარეგულიროს. ქვეყნის პრემიერი, რიში სუნაკი ამბობს, რომ პრობლემასთან საბრძოლველად მზადაა, თუმცა ახალი კანონპროექტის ირგვლივ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს – ზოგიერთი მიიჩნევს, რომ ის არაპრაქტიკული იქნება და ათასობით ლტოლვილის ქმედებებს კრიმინალურად აქცევს.
გასულ წელს ინგლისის სამხრეთ სანაპიროდან შესულმა მიგრანტების რიცხვმა 45,000 შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მაჩვენებელზე 500%-ით მეტია. სწორედ ამის შემდეგ აქცია ნავებით გადაადგილების შეჩერება რიში სუნაკმა თავის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად.
ახალი კანონი გულისხმობს, რომ ყველა, ვინც ამ გზის გავლით ეცდება ქვეყანაში შესვლას, ვერ მიიღებს თავშესაფარს და დეპორტირდება ან საკუთარ სამშობლოში ან ე.წ. უსაფრთხო მესამე ქვეყნებში.