Home დღის ამბები ეკონომიკა დედოფლისწყაროში, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

დედოფლისწყაროში, სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო

სოფლის განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მირზაანში, კომპანია „ეკო ვილაჯიომ“ ტურისტული სივრცე მოაწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სასტუმრო 10 ხის კოტეჯს აერთიანებს, რომელთა მოწყობისათვის ინვესტიციის მოცულობამ 225,000 ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსება 170,000 ლარია. სასტუმროში დასაქმებული 13 ადგილობრივია.

ახლად გახსნილი სასტუმრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის პროგრამების მენეჯერმა, ქეთევან ხუციშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში მენეჯერმა, ნოდარ კერესელიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო-საინვესტიციო სამსახურის წამყვანმა სპეციალისტმა, დავით დეკანოიძემ დაათვალიერეს.

„სოფლის განვითარების პროგრამით დაფინანსებულია 76 პროექტი, 10,9 მლნ ლარის საინვესტიციო ღირებულებით, მათ შორის, თანადაფინანსება 7.6 მილიონ ლარს აღემატება.

„სოფლის განვითარების პროგრამა” ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება.

პროგრამას სოფლის განვითარების სააგენტო (RDA), ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.