Home ბლოგი ” დედამიწაზე არც ერთ ქალაქს არ უხდება ისე ნისლი როგორც თელავს”,- სანდრო...

” დედამიწაზე არც ერთ ქალაქს არ უხდება ისე ნისლი როგორც თელავს”,- სანდრო ელოშვილი თელავზე

“წარმოიდგინეთ იღვიძებთ ქალაქში, სადაც თითქოს თვალახვეული მიგიყვანეს და ყოველი წამი აღმოჩენაა”-, ამბობს სოციალურ ქსელში, სანდრო ელოშვილი და მისი და თელავის ურთიერთობას, ემოციურად ხსნის.

“მთავარი ამბები კახეთიდან”,  გიზიარებთ თელავზე შეყვარებული ახალგზარდის ნააზრევს, რაც კიდევ ერთხელ გამოგზაურებთ ჩვენი ქალაქის ნისლიან ქუჩებში, რომელიც “თითქოს რძეშია ჩაძირული, შენს თვალწინ რომ ქრებიან და ჩნდებიან შენობები, გუმბათები, ხეები, ელექტრო ბოძები და ერთადერთი რაც უცლელია, უძრავია… ნისლიც კი წელამდე წვდება… მზისგან ოქროსფრად შევერცხლილი კავკასიონი…”

” წლების წინ, მეგობრებთან ერთად, კახეთში, კავკასიონის ძირში გაწოლილ, პატარა და ლამაზ სოფელ ართანაში მოვხვდი, კარგი ღვინო იციან, მადლიანი, მადიანი, გემრიელი… გვიანობამდე ვისხედით და ბოლოს, ღვინის სმა რომ დავამთავრეთ, ჩვენზე ადრე ვინც გაეყარა ბახუსს და თრობას, იმათ უკვე ყველა ლოგინი და მისაწოლი დაკავებული ჰქონდათ…
როგორც წესია, როცა ფანჯრიდან ღამე იპარება, თან მიაქვს ხოლმე შემორჩენილი სითბო… ღვინის სიმხურვალეს დაღლილობა ჭამს, ბუხრისას – ნაცარი… კავკასიონიც ვერცხლისფრად მოყინავს ბალახს და ძნელია ასეთ დროს თბილ საბანს რამე ამჯობინო…
15 წუთის გზაა თელავამდეო… დამთქნარებულმა იდეამ გაიჟღერა.
არ მახსოვს, მართლა ამდენი იყო თუ არა, მაგრამ აი სასტუმრო კი კარგად მახსოვს…”რჩეული”.
მაშინ მგონი სხვა სასტუმრო არც იყო…
ლამაზი იყო შიგნიდანაც… გარედანაც! აგურით ნაშენები, თეთრი ხის აივნებით… მაგრამ ამას მეორე დღეს მივხვდი, იმ ღამით, მხოლოდ სითბოზე და ძილზე ვფიქრობდი…
არც იმისთვის მიმიქცევია ყურადღება როგორი ნომერი შემხვდა, ან რა ხედი ჰქონდა… მხოლოდ უზომოდ ფუმფულა ბალიშები და საბანი მახსოვს, ახალ გაღვიძებულსაც რომ ჩაგაძინებს…
მანამდე თელავში არასდროს ვყოფილვარ… ღამის სტუმრობასაც სტატისტიკად თუ ჩავთვლი, თორემ ახლაც ვერ ვიხსენებ განვლილ გზას სასტუმრომდე…
სამაგიეროდ რა დილა იყო?!…
წარმოიდგინეთ იღვიძებთ ქალაქში, სადაც თითქოს თვალახვეული მიგიყვანეს და ყოველი წამი აღმოჩენაა…
მაგრამ გაღვიძებამდე კი იყო კაკუნი… რა სჯობს მზრუნველ მეგობარს, შენზე ადრე რომ გაიღვიძებს, არ დაიზარებს, სასტუმროს მარანში კონიაკს აიღებს და ნომერში შემოგესტუმრება?!
სამ-სამი ჭიქით ვიმკურნალეთ! წავალ, სხვებსაც მივხედავო… 40 % თავისი ქნა, სისხლი აამოძრავა, სხეული გაახურა, გული აახმაურა… რა თქმა უნდა სიგარეტი მომინდა! ახლაც რომ ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ თთქმის ორი წელიწადია აღარ ვეწევი, გადარჩენილ და ნაშველ ნაბახუსევზე თამბაქო, ტრიუმფალურ თაღში გავლის ტოლფასია, სიკვდილზე გამარჯვების შემდეგ!
ჩემს თეთრ ნომერში, ჩემი თეთრი საბანი გადავიხადე, წითელი კოლოფიდან ერთი ღერი ამოვიღე, მოვუკიდე და შეუმოსავად გავედი აივანზე… გამოცდილი და მრავალ ჭირნახული ხალხი დამეთანხმება, ასეთ მდგომარეობაში, ცივი ჰაერი ცხონებაა!
მოგეხსენებათ, დაბინდულმა გონებამ ათასი უაზრო ფიქრი იცის… გავბრაზდი! ჯერ ჩემს სართულზე მცხოვრებ სტუმრებზე, შემდეგ მთელ სასტუმროზე, ბოლოს კი სრულიად თელავზე… რატომ ეწევა ყველა ჩემს აივანზე?
თურმე…
დედამიწაზე არც ერთ ქალაქს არ უხდება ისე ნისლი, როგორც თელავს…
ასეთი გამოთქმა არსებობს, ცხოვრება ოთხ ეტაპად იყოფაო…
მე!
მე და მოცარტი!
მოცარტი და მე!
მოცარტი!
წარმოიდგინეთ 18-19 წლის ბიჭი, რომლისთვისაც ჯერ მხოლოდ “მე” არსებობს, უყურებ ქალაქს, რომელიც თითქოს რძეშია ჩაძირული, შენს თვალწინ რომ ქრებიან და ჩნდებიან შენობები, გუმბათები, ხეები, ელექტრო ბოძები და ერთადერთი რაც უცლელია, უძრავია… ნისლიც კი წელამდე წვდება… მზისგან ოქროსფრად შევერცხლილი კავკასიონი…
არავითარი დამატებითი მოტივაცია აღარ დამჭირვებია ამ ქალაქის შესაყვარებლად…
იშვიათად, სადმე არსებობდეს ასეთი თვითმყოფადი ადგილი, რომელსაც ყველაფერი თავისი აქვს, ტემპორიტმი, ფერები, სუნი, ხასიათი, მეგობრობა, სიყვარული, იუმორი, ისტორია, ცრემლი, ემოცია, ვნებები… წვიმაც კი!
დახრილი წვიმა იცის, ნემსებივით მოფრინავენ წვეთები და წარმოიდგინეთ, ისიც არ გაწუხებს…
ქუდს ჩამოიწევ, საყელოს მოჭიმავ… ბოლოს და ბოლოს შეეფარები რომელიმე ფოთოლს… მე შენ გეტყვი, ხეს ვერ ნახავ, ასე 800-900 წლისას!
ჩემი აზრით თელავის მთავარი დიდებულება იმაშია, რომ მისი ისტორიული და მთავარი ნაწილი გაშენებულია შემაღლებულ ადგილზე, არ ვიცი სხვებისთვის როგორ, მაგრამ როდესაც ერეკლეს ძეგლთან მივდივარ ხოლმე, ასე მგონია, იმის იქით, გადასავარდნი და დედამიწის დასალიერია… სწორედ ეს “ამაღლებაა” შენც რომ გამაღლებს, გადიდებს, სხვანაირს გხდის…
ჩემმა თელაველმა ძმაკაცმა მითხრა, ჩვენს ხუთი ხუთზე ქალაქს გაუმარჯოსო… მართლა ასეთია, 25 კვადრატული… ყველა და ყველაფერი ახლოა… რაც მთავარია მეგობარი… მეგობარია სულ ახლოს!
მადლობა ღმერთს, მომეცა საშუალება და ორი წელი ვიცხოვრე ამ ქალაქში და ერთი წუთით არ ვყოფილვარ მარტო… ასაკიც ასეთი იყო… ჩანჩქერივით! ამ ორი წლის განმავლობაში ალბათ ათჯერ თუ მძინებია ერთი და იგივე ადგილას…
– აი, ამ ფანჯარაში სიგარეტი იყიდება, მაგრამ დილამდე ვერ გააღვიძებ, ასაკოვანი ქალბატონია…
– ამ კაფეში შესაძლოა ჭიქა არაყით და ჩაით გაგვიმასპინძლდნენ, კარგად თუ მოვიქცევით…
– საღამოს დაბადების დღეზე ვართ დაპატიჟებულები, თუ უგონოდ დავთვრებით, იქვე დაგვაძინებენ, აბა ხომ არ გამოგვაგდებენ?!
ყველაფერი სხვანაირია, ყველაფერი განსხვავებული…
მართლა სუ თელავია და სუ “გულავია”!
თელაველობას ვერ დავიჩემებ, ისეთ თელაველებს ვიცნობ, ისეთები გამიგონია, როგორ ვიკადრებ, მაგრამ ამ წლებში თელავი გახდა ჩემიანი… თითქოს ჩემში დარჩა და რაღაც წესები გამიჩინა, რაღაც ღირებულებები… გცვლის და როგორც კარგი მეგობრის ან საყვარელი ადამიანის პატივისცემა არ გაძლევს უფლებას მოიქცე ცუდად… (ან თუ მოიქცევი, მერე შეგრცხვება მაინც)… ასეა ეს პატარა ქალაქიც! თვალს ვერ გაუსწორებ… ახლო ვერ გაუვლი… ქვემოდან ივლი… აი, ერეკლეს ძეგლიდან რომ დედამიწის გადასავარდნია… მაქედან!
იმედია ოდესმე ავიხდენ ოცნებას და პატარა სახლი მექნება თელავში, ხშირად რომ შემეკრას ხოლმე სუნთქვა გომბორზე და ვერ გავიგო წნევის ბრალია თუ მონატრებული შეხვედრის…
იმ სახლის ეზოდან, ქუჩისკენ გამეპარებიან პატარა, ველური, ვარდისფერი ვარდები, ცნობისმოყვარე ბავშვებივით ღობეში რომ გაყოფენ თავებს და გაიჭედებიან….
და რაც მთავარია ფანჯარა ექნება სახლს იქით… კავკასიონისკენ! დილით რომ დავინახო… როგორ დგას, დგას, დგას… როგორ იდგა და როგორ იდგება!
პ.ს. მოცარტის მაგალითი რომ მოვიყვანე ზემოთ… თელავზეც ასეა…
როცა არ იცნობ, არსებობს – მე!
როცა გაიცნობ – მე და თელავი!
როცა წამოხვალ – თელავი და მე!
და რომ გენატრება… მხოლოდ თელავი…”,- წერს ავტორი.

📷 გიორგი ჩეკურიშვილი