გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია მორიგ პროექტს ახორციელებს, რომელიც მეღვინეობას ეძღვნება.
“Gurjaani Urban Festival“ გურჯაანის ღვინის ფესტივალის ფარგლებში მიმდინარეობს და „Tbilisi Mural Fest“ ახორციელებს.
პროექტის მიზანს- გურჯაანში ტურისტებისთვის მიზიდულობის ცენტრი გაჩენა და ქუჩის ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.
როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი ხატია ზაკალაშვილი აღნიშნავს- პროექტი, ქალაქის ცნობადობის გაზრდასა და ადგილობრივად მცირე ეკონომიკის განვითარებას ემსახურება
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გურჯაანი, როგორც მეღვინეობის ქალაქი პოზიციონირდეს და ამისთვის სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. ერთ-ერთი სწორედ ურბანული ფესტივალია, რომლის ფარგლებშიც პირველ ეტაპზე სამი მრავალსართულიანი კორპუსის ფასადი მოიხატება. მოხარული ვარ, რომ ქართველებთან ერთად, უცხოელი მხატვრებიც იღებენ მონაწილეობას ჩვენი ქალაქის გალამაზებაში,“ – აღნიშნა ხატია ზაკალაშვილმა.
„თბილისი მურალ ფესტი“-ს დამფუძნებელი და მხატვარი ბესიკ მაზიაშვილი კი მურალების, იგივე ქუჩის ფრესკებით, მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოხვედრაზე საუბრობს.
„ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ მსოფლიო სტანდარტის ქუჩის ხელოვნებას, არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ უკვე რეგიონებშიც შეხვდებით. გურჯაანში კი შევქმნით გამორჩეულ ნამუშევრებს. როგერც წესი, ამ ტიპის მასშტაბური მურალები, იგივე ქუჩის ფრესკები, ხელს უწყობს არა მხოლოდ ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას, არამედ, ისინი მსოფლიო ყურადღებას მიიქცევს და რეგიონშიც გაზრდის ინტერესს ხელოვნებისადმი. მურალები ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორში ქალაქის მიმართ ინტერესის ზრდას, როგორც ადილობრივ, ისე ქვეყნის სტუმრებს შორის,” – აღნიშნავს ბესიკ მაზიაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი, ყოველწლიური იქნება და სხვადასხვა თემატიკის საფუძველზე შეიქმნება ქუჩის მხატვრობები ქალაქ გურჯაანში.
ცნობისთვის- გურჯაანის ურბანული ფესტივალი ხელს უწყობს ურბანული მხატვრობის კულტურის განვითარებას და ზრდის ახალგაზრდა მხატვრების დაინტერესებას. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას კი აძლევს შესაძლებლობას გააჩინოს ახალი ტურისტული მარშრუტები და ტურები ქუჩის ხელოვნების მოყვარულთათვის, ხოლო ადგილობრივებისთვის შექმნას ხელსაყრელი გარემო ახალი კომერციული ობიექტების გაჩენისთვის.