Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანში ახალი პროფესიული კოლეჯების მშენებლობა მიმდინარეობს

გურჯაანში ახალი პროფესიული კოლეჯების მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, კავკასიის უნივერსიტეტისა და ბასკეთის კულინარიის სკოლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, გურჯაანში 2000 სტუდენტზე გათვლილი, ახალი პროფესიული კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს.

კოლეჯის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჯინჭარაძე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი მაჭავარიანთან ერთად, გაეცნო.

21 600 კვ. მეტრ ფართობზე განთავსებულ, უახლესი სტანდარტების შესაბამის პროფესიულ კოლეჯში მოეწყობა თეორიული სწავლების აუდიტორიები, საკონფერენციო და სადემონსტრაციო დარბაზები, სარესტორნო, სამზარეულო, სამაცივრე და სასაწყობო სივრცეები. შენობა სრულად იქნება ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის და აღიჭურვება ყველა საჭირო ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით.

კოლეჯის ტერიტორიაზე ასევე უზრუნველყოფილი იქნება 60 სტუდენტზე გათვლილი კამპუსი, სპორტული დარბაზი და რეკრეაციული სივრცე.

პროექტს, რომლის ღირებულება 16 672 256.76 ლარია, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებით, სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

ახალი მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონს კიდევ ერთი ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე შეემატება.