თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა თელავის მუნიციპალიტეტის იმ წარმატებული სპორტსმენების, სპორტული კლუბების წევრების და მათი მწვრთნელების ფინანსურად წახალისებას, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში იასპარეზებენ და მაღალ სპორტული შედეგებს აჩვენებენ.
დადგენილების პროექტის ინიციატორია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილა გიგა ორკოდაშვილი. ინიციატივის მიზანია მუნიციპალიტეტში სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
„ჩემი ინიციატივა ითვალისწინებს თელავის მუნიციპალიტეტის იმ წარმატებული სპორტსმენებისა, სპორტული კლუბების წევრების და მათი მწვრთნელების ფინანსურად წახალისებას, რომლებიც სპორტის სხვადასხვა სახეობაში ოლიმპიურ თამაშებში, ევროპის, მსოფლიოსა და საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ ჩემპიონატებში იასპარეზებენ და მაღალ სპორტული შედეგებს აჩვენებენ. ახალგაზრდებს ექნებათ მოტივაცია, რომ ჩაერთონ სპორტულ ცხოვრებაში. წარმატებული სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისათვის ფულადი ჯილდოს დაწესებისთვის თანხა 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა“, – განაცხადა გიგა ორკოდაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
წარმომადგენლობითმა ორგანომ ამავე დროს მხარი არ დაუჭირა სოფელ კისისხევში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 25 000 კვ.მ. ფართობი მიწის ნაკვეთის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანასა და მისი პრივატიზების გეგმის დამტკიცებას.
საკრებულომ თანხმობა მისცა მერს თელავის სახელმწიფო უნივერისტეტს პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, მისი არსებობის ვადით, სარგებლობაში გადასცეს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ორი ნაკვეთი.
წარმომადგენლობითმა ორგანომ მერს ასევე მისცა თანხმობა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანისნულების მიწის ორი ნაკვეთი გადაეცეს საქართველოს ფოსტას პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით.
დღესვე საკრებულომ უარი უთხრა სახელმწიფოს თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 6 ნაკვეთის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემაზე.
წარმომადგენლობითმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო თელავის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის მიზნით.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს წევრებმა ცნობად მიიღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, მიხეილ გრემელაშვილისთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხი.