გთავაზობთ გასული კვირის (21 – 26 ნოემბერი, 2022) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას:
1. რას გვთავაზობს მთავრობა თავისუფალი ვაჭრობისა და ინვესტიციების მოსაზიდად „საქართველოს განვითარების სტრატეგია – 2030-ში“
2. მთავრობა სამ მსხვილ სახელმწიფო კომპანიაშირეფორმას იწყებს
3. მთავრობამ “ბორჯომის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დანიშნა
4. 2022 წლის III კვარტლის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა
5. რა ეტაპზეა „ენკა რინიუებლზს“ და საქართველოს მთავრობას შორის საარბიტრაჟო დავა
6. 2007 წლიდან დღემდე ADB საქართველოს ჯამში 4 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური რესურსით დაეხმარა
7. რამდენი პენსიით უზრუნველყოფილი სესხია გაცემული საქართველოში
8. რა მოცულობის კრედიტები გაიცა “სუბსიდირებული იპოთეკური სესხი”-ს პროგრამის ფარგლებში
9. 2013-2022 წლებში ექსპლუატაციაში 50 ჰიდროელექტროსადგური შევიდა
10. როგორია ქართული ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით
1. რას გვთავაზობს მთავრობა თავისუფალი ვაჭრობისა და ინვესტიციების მოსაზიდად „საქართველოს განვითარების სტრატეგია – 2030-ში“
მთავრობის დამტკიცებულ „საქართველოს განვითარების სტრატეგია – 2030“-ის მიხედვით, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი შვიდი ქვეყნით გაიზრდება: ისრაელი, ინდოეთი, სამხრეთ კორეა, სერბეთი, აშშ, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდონეზია. რითაც, საქართველოში წარმოებულ პროდუქციას წვდომა ექნება სამომხმარებლო ბაზრის 2/3-თან, რაც მსოფლიო მოსახლეობის 72%-ია. რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, ამას საგადასახადო შეღავათების შემოღებით და პოტენციური ინვესტორებისთვის უფრო შეღავათიანი და ხელსაყრელი პირობების შეთავაზებით გეგმავენ.
2. მთავრობა სამ მსხვილ სახელმწიფო კომპანიაში რეფორმას იწყებს
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობა “საქართველოს რკინიგზის”, “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა” და “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” რეფორმირებას იწყებს, რომლის მიზანია აღნიშნული კომპანიები მომგებიანი გახდნენ. რეფორმის პროცესი 2023 წლიდან დაიწყება.
3. მთავრობამ “ბორჯომის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დანიშნა
საქართველოს მთავრობამ “ბორჯომის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ გიორგი მაისურაძე დანიშნა. სამინისტროს თანამშრომელი დაინიშნა ასევე საბჭოს დამკვირვებლად. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით სახელმწიფო არ ჩაერთვება საოპერაციო საკითხებში, თუმცა ბრენდის საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების ხელშეწყობაზე იზრუნებს.
4. 2022 წლის III კვარტლის გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა
2022 წლის III კვარტალში საქართველოდან 693.4 ათასი რეზიდენტი მოქალაქე გავიდა, რაც 3.9-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა (314.5 ათასი ვიზიტი) და რუსეთის ფედერაციაში (79.4 ათასი ვიზიტი). ყველაზე მეტი ვიზიტი (43.7%) კი საყიდლების მიზნით განხორციელდა.
5. რა ეტაპზეა „ენკა რინიუებლზს“ და საქართველოს მთავრობას შორის საარბიტრაჟო დავა
BMG-ს დაინტერესებდა თუ რა ეტაპზეა „ენკა რინიუებლზს“ და საქართველოს მთავრობას შორის საარბიტრაჟო დავა. იუსტიციის სამინისტროს წერილობითი განმარტების თანახმად, საქართველოს მთავრობასა და „ენკა რინიუებლზს“ შორის ნამდვილად მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა, ხოლო მხარეთა შორის გაფორმებული საარბიტრაჟო შეთანხმების მიხედვით, გამოთხოვილი ინფორმაციის დიდი ნაწილი კონფიდენციალურია. ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობა ნენსკრა ჰესის მშენებელ კომპანიასთან წლის ბოლომდე შეთანხმებას გეგმავს, შესაბამისად წლის ბოლომდე გადაწყდება შეუწყვეტს მთავრობა ხელშეკრულებას თუ ახალ პირობებზე მოხდება თანხმობა.
6. 2007 წლიდან დღემდე ADB საქართველოს ჯამში 4 მლრდ აშშ დოლარის ფინანსური რესურსით დაეხმარა
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცნობით, ბოლო15 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორს 4 მილიარდი აშშ დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია, რაც მიმართული იყო ინფრასტრუქტურის შენებაში, ფინანსური ჩართულობისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესებასა და ბიზნესის განვითარებაში. ბოლო ინფორმაციით, კი საქართველოსა და აზიის განვითრების ბანკს (ADB) შორის, ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის განსახორციელებლად, „ფისკალური მდგრადობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ“ შეთანხმებას მოეწერა ხელი. აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 100 190 000 ევროს შეადგენს.
7. რამდენი პენსიით უზრუნველყოფილი სესხია გაცემული საქართველოში
2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხი 360 ათას მომხმარებელს აქვს, კრედიტების ჯამი 334 მილიონ ლარს შეადგენს, ერთი საპენსიო სესხის საშუალო მოცულობა კი 924 ლარია. თავად “ლიბერთი ბანკის” საკრედიტო პორტფელის 14%-ს კი სწორედ საპენსიო სესხები შეადგენს.
8. რა მოცულობის კრედიტები გაიცა “სუბსიდირებული იპოთეკური სესხის” პროგრამის ფარგლებში
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის ნოემბრის ჩათვლით, მრავალშვილიან ან ახალდაბადებული შვილის მშობლებისთვის შემუშავებული “სუბსიდირებული იპოთეკური სესხი”-ს პროგრამის ფარგლებში, სსიპ “აწარმოე საქართველოში”-მ 7 067 იპოთეკური კრედიტი დაამტკიცა, რაზეც ჯამში 806 მლნ ლარი გაიცა.
9. 2013-2022 წლებში ექსპლუატაციაში 50 ჰიდროელექტროსადგური შევიდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ BMG-სათვის მოწოდებული ინფორმაციით, 2013-2022 წლებში საქართველოში 50 ჰიდროელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში, ყველაზე მეტი, 8 ჰესი კი 2018 წელს ამუშავდა. ამუშავებული ჰესების ჯამური ინვესტიცია 1.4 მილიარდი დოლარია, რომელთა დადგმული სიმძლავრეც 723 მეგავატია.
10. როგორია ქართული ბანკების რეიტინგი აქტივების მიხედვით
2022 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, საქართველოს კომერციული ბანკების საერთო აქტივები 68 მილიარდ ლარს შეადგენს. აქტივების მოცულობით კი პირველ სამეულში შედიან: თიბისი ბანკი (26.2 მილიარდი ლარი); საქართველოს ბანკი (26.0 მილიარდი ლარი) და ლიბერთი ბანკი 3.5 მილიარდი ლარი).